“რუსთაველის გამზირის დიზაინის შექმნაზე რამდენიმე წელია – ვმუშაობთ და ამ დიზაინის შექმნაში მონაწილეობდნენ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტები; სამანქანო გზის გაბარიტი არ იცვლება, ქუჩა არ ვიწროვდება” – ნინო ბაგაშვილი

“იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაბილიტაცია, გადაწყდა რუსთაველის გამზირის სრული დაკეტვა სამანქანო მოძრაობისთვის. შესაბამისად, გვაქვს მცირედი ცვლილებები”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ბაგაშვილმა ისაუბრა.

როგორც ბაგაშვილმა განმარტა, მანქანები მოძრაობას შეძლებენ ზემო მთაწმინდის ქუჩებით და ასევე თაბუკაშვილის ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს მეშვეობით.

მისივე თქმით, მოხდება რამდენიმე ქუჩის გაორმხრივება. ამასთან, რუსთაველის ქუჩის სამანქანო გზა არ ვიწროვდება.

„რუსთაველის გამზირის, ქუჩის დიზაინის შექმნაზე რამდენიმე წელია, ვმუშაობთ და ამ დიზაინის შექმნაში მონაწილეობდნენ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტები საგზაო მოძრაობის დაგეგმვის კუთხით. რამდენიმე პრინციპი გვქონდა: უნდა ყოფილიყო მორგებული ქვეითზე, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება უნდა გაგვეთვალისწინებინა და მათ შორის მანქანის მძღოლების მისაწვდომობაც გაგვეზარდა. სამანქანო ნაკადების 30% რუსთაველის გამზირს იყენებდა მოსაბრუნებლად. ისე დავგეგმეთ, რომ მთელი გამზირის გავლა და მოტრიალება აღარ ყოფილიყო საჭირო, თითოეულ მნიშვნელოვან ქუჩასთან მოეწყობა საგზაო კვანძი, სადაც მანქანები შეძლებენ პირდაპირ გადაადგილებას. ეს ითვალისწინებს დამატებითი შუქნიშნების, ასევე ქვეითებისთვის მიწისზედა გადასასვლელების მოწყობას, იგეგმება მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია. რუსთაველის ქუჩის სამანქანო გზის გაბარიტი არ იცვლება, ქუჩა არ ვიწროვდება. საფეხმავლო ნაწილსაც არ ეხება ცვლილება. დღეს როგორც იცით, რუსთაველის გამზირზე არ არსებობს ადგილი, სადაც მანქანას შეუძლია გააჩეროს, შესაბამისად, სადაც საშუალება გვქონდა, რომ ქვეითისთვის დისკომფორტი არ შეგვექმნა, ჩნდება ჩასმა-ჩამოსმის, ე.წ. დროფ ოფის ადგილები“, – განაცხადა ბაგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები