„მაშინ ვწერ, როცა ეს გულს უნდა“ – 15 წლის მწერალი გიორგი ელიზბარაშვილი საოკუპაციო ზოლიდან, სიზმარში ნანახი ნოველა – „სიზმარი ოქროსფერ ყანაზე“ და ადამიანის თვალებში დანახული ემოციის ძალა
დაიბადა 2011 წლის 26 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ქვეშში, საოკუპაციო ხაზთან. არის სოფელ ფლავის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე.
წერა სამი წლის წინ დაიწყო. წერს ნოველებს, მოთხრობებს, მინიატურებს…
ამბობს, რომ მოხალისეა უამრავ პროექტში, როგორც სკოლაში ისე მის ფარგლებს გარეთ, უზომოდ უყვარს კითხვა და ლიტერატურა.
„შთაგონებას, პირველ ყოვლისა, ჩემი სოფელი, ბუნება, სიმშვიდე და ის ადამიანები, რომლებიც ჩემ ირგვლივ არიან. დიდი შთაგონებაა კარგი ლიტერატურაც, გარდა ამისა, შთაგონებას მაძლევს ადამიანების თვალებში დანახული ემოციები, მათი განცდები და ის უხილავი ისტორიები, რომლებსაც ყოველდღიურობაში ვამჩნევ“. – გიორგი ელიზბარაშვილის პერსონა.
– საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ქვეშში დაიბადეთ…
– საოკუპაციო ხაზთან მდებარე მაღალმთიან სოფელ ქვეშში ჩემი ბავშვობა მართლაც გამორჩეული და საინტერესო იყო. საინტერესოში, პირველ ყოვლისა, ვგულისხმობ იმ გარემოს, სადაც ვიზრდებოდი, ბუნებასთან მჭიდრო კავშირს, სოფლის სიმშვიდესა და იმ უამრავ ამბავს თუ ტრადიციას, რასაც გარშემო ვისმენდი. საოკუპაციო ხაზთან ცხოვრებამ ბავშვობიდანვე მასწავლა მშობლიური კუთხის განსაკუთრებული სიყვარული.
ამასთან ერთად, ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემი ბავშვობა სავსე ყოფილიყო შემეცნებით, სითბოთი და შემოქმედებითი ინტერესებით.
– პირველი ნოველები?
– წერა დაახლოებით სამი წლის წინ დავიწყე. ჩემი პირველი ნაწარმოები „ზაფხული სოფლად“ – იყო მოთხრობა, სადაც ვცდილობდი, გადმომეცა სოფლის ყოველდღიურობა, მისი განსაკუთრებული ატმოსფერო, ბუნება და ის ემოციები, რასაც გარშემო ვხედავდი. ტექსტში ისტორიული ძეგლებიც მოვიხსენიე, რითაც შევეცადე, ჩემი ორი სოფლის ღირსება შემემკო.
– რომელი საგნები გიყვართ? როდის წერთ?
– საგნებიდან ყველაზე მეტად ქართული ლიტერატურა მიყვარს, ასევე გამორჩეულად მაინტერესებს ისტორია, ბიოლოგია და ინგლისური ენა.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, წერისა და სწავლის შეთავსება არ მიჭირს – როცა საქმე საყვარელ საქმიანობას ეხება, დრო ყოველთვის იძებნება. ძირითადად, საღამოობით წერას ვუთმობ დროს, როცა გარშემო სიმშვიდეა და ფიქრების ფურცელზე გადატანა ყველაზე უკეთ გამომდის. თუმცა ყველაფერზე მეტად მაშინ ვწერ, როცა ეს გულს უნდა.
– შთაგონებას რა გაძლევთ?
– შთაგონებას, ალბათ, პირველ რიგში, ჩემი გარემო მაძლევს – ჩემი სოფელი, ბუნება, სიმშვიდე და ის ადამიანები, რომლებიც ჩემ ირგვლივ არიან. თითოეულ ამბავს, ტრადიციასა თუ უბრალო დაკვირვებას შეუძლია ისეთი ემოცია აღძრას, რაც მერე ფურცელზე გადადის. გარდა ამისა, დიდი შთაგონებაა კარგი ლიტერატურაც, ამასაც აქვს თავისებურად დიდი გავლენა, გარდა ამისა, შთაგონებას მაძლევს ადამიანების თვალებში დანახული ემოციები, მათი განცდები და ის უხილავი ამბები, რომლებსაც ყოველდღიურობაში ვამჩნევ.
– ხართ მოხალისე უამრავ პროექტში. სკოლის ეკოკლუბთან ერთად მონაწილეობდით ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსში „სუფთა წყალი და სანიტარია“…
– აქტიურად ვარ ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში, როგორც სასკოლო, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებულ პროექტებში. განსაკუთრებით გამოვყოფდი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიას, სადაც ნახევარფინალისტი გავხდი. ამ კონკურსის ფარგლებში, ჩვენს ეკოკლუბთან ერთად, უამრავი საინტერესო აქტივობა განვახორციელეთ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პროექტი – „სუფთა წყალი და სანიტარია“, რომელიც მიზნად ისახავდა სუფთა წყალსა და ჰიგიენაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, წყლის რაციონალურ მოხმარებასა და მდინარეებისა თუ წყალსაცავების დაბინძურების შემცირებას.
– STEM პროექტში 1-ელი ადგილი აიღო ფლავის საჯარო სკოლის პროექტმა: „უსაფრთხოების მონიტორინგი და სოფლის კულტურული მემკვიდრეობის ციფრული არქივი“. როგორ მუშაობდით ამ პროექტზე?
– ეს პროექტი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან მასში უდიდესი შრომა და გული ჩავდეთ. პროექტზე მუშაობა დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მთავარი მიზანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე ჩვენი სოფლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, პოპულარიზაცია და უსაფრთხოების გაზრდა იყო. პროექტის ფარგლებში მოვიძიეთ ისტორიული წყაროები ბიბლიოთეკებიდან, სოფლის უხუცესებისგან შევაგროვეთ ზეპირსიტყვიერად შემონახული ამბები და დეტალურად გადავიღეთ ფოტო-ვიდეო მასალა, როგორც სოფელში, ისე უშუალოდ გამყოფ ხაზთან.
ტექნიკურ მხარეზე მუშაობისას გაიარეთ უამრავი ტრენინგი და მოგვიანებით ეს დაგროვილი ცოდნა სხვა მოსწავლეებსაც გავუზიარეთ, განსაკუთრებით ღირებული კი ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა აღმოჩნდა, სადაც მივიღეთ უდიდესი პროფესიული ცოდნა და რჩევები და ბოლოს ის სიხარული, რაც პირველმა ადგილმა მოგვანიჭა.
– რას ნიშნავს წერა თქვენთვის?
– ჩემთვის წერა არის საშუალება, შევქმნა სრულიად ცალკე სამყარო და გავაცოცხლო ის ამბები თუ ადამიანები, რომლებიც ჩემ ირგვლივ არიან. საღამოს სიმშვიდეში, კალმითა და ქაღალდით ხელში, ფურცელზე გადამაქვს ჩემი სოფლის ისტორიები, ტრადიციები და ის განცდები, რაც ამ გარემოს ახლავს.
წერა ჩემთვის უბრალოდ ჰობი კი არ არის, არამედ შინაგანი მოთხოვნილება და გულის ძახილია. გზა, რომლითაც ჩემს დაკვირვებებსა და ფიქრებს სულსა და ფორმას ვაძლევ.
– საინტერესო ისტორია…
– საინტერესო ის არის, რომ ჟურნალ „ანეულში“ დაბეჭდილი ჩემი ნოველა „სიზმარი ოქროსფერ ყანაში“ რეალურ გამოცდილებას ეფუძნება – ტექსტის დაწერამდე, მართლაც, ზუსტად ასეთი სიზმარი ვნახე. როდესაც გაღვიძებისას ეს განცდა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მივხვდი, რომ ის ფურცელზე უნდა გადამეტანა. ჩემთვის ეს პროცესი კიდევ ერთი დასტური გახდა იმისა, რომ შთაგონება შეიძლება სრულიად მოულოდნელად, ქვეცნობიერიდან მოვიდეს.
– გიყვართ კითხვა და ლიტერატურა. რომელ მწერლებს გამოყოფდით?
– მართლაც, ლიტერატურა და კითხვა ყოველთვის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. უამრავ ქართველსა თუ უცხოელ ავტორს ვცემ პატივს, თუმცა რამდენიმეს განსაკუთრებით გამოვყოფდი. ქართველი მწერლებიდან ჩემთვის უპირველესი რევაზ ინანიშვილია უდიდესი შემოქმედი, რომელმაც არა მხოლოდ კითხვა, არამედ წერაც მეტად შემაყვარა. მის უნიკალურ ხედვასა და თბილ ენას ვერსვინ ედრება. თანამედროვე ავტორებიდან განსაკუთრებით მიყვარს დათო ტურაშვილი მისმა რომანმა „ჯინსების თაობა“ ჩემში ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა.
რაც შეეხება უცხოურ ლიტერატურას, გამორჩეულად მიყვარს ჯ.კ. როულინგი და ჯ.რ.რ. ტოლკინი. მათ შეძლეს სრულიად უნიკალური, მითოსური სამყაროების შექმნა, სადაც ინდივიდუალური უნიკალური ხედვა და ფანტაზიის უსაზღვრობა ყველას ხიბლავს.
– დაჯილდოვდით როგორც მოაზროვნე საქართველოს ჩემპიონატის შიდა სასკოლო პირველობაზე. რით იყო საინტერესო ეს ჩემპიონატი?
– ამ ჩემპიონატში მონაწილეობა და ნახევარფინალისტობა ჩემთვის უდიდესი პატივი და საინტერესო გამოცდილება იყო. გარდა ცოდნისა და ემოციებისა, ამ პროცესმა უმნიშვნელოვანესი რამ მასწავლა – გუნდური, ურთიერთშეთანხმებული მუშაობა. მივხვდი, რამდენად დიდია ერთიანობის ძალა, როდესაც საერთო მიზნის მისაღწევად თითოეული წევრი მაქსიმუმს დებს და ერთმანეთს მხარს უჭერს.
– ჰობი…
– გარშემომყოფები ხშირად აღნიშნავენ, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი ჰობი მაქვს. განსაკუთრებით მიყვარს მუსიკა, ვუკრავ ფორტეპიანოსა და გიტარაზე. როდესაც თავისუფალ დროს გამოვნახავ, აუცილებლად ვკითხულობ. ვფიქრობ, წერაც ჩემი ცხოვრებისა და ინტერესების განუყოფელი ნაწილია. გარდა ამისა, ძალიან მიტაცებს სახვითი ხელოვნებაც, ხატვა ჩემი თვითგამოხატვის კიდევ ერთი გზაა, საყვარელი მიმდინარეობა კი აბსტრაქციონიზმია, სადაც ფერებითა და ფორმებით ემოციის გადაცემის სრული თავისუფლებაა.
– რა პროფესიას აირჩევთ?
– ჩემი მომავლის პროფესია, სავარაუდოდ, ფილოლოგია იქნება, რადგან ტექსტთან, ენასა და ლიტერატურასთან მუშაობა ჩემი სულის ძახილია. თუმცა, წლების განმავლობაში ძალიან მიზიდავდა ბიოტექნოლოგიებიც. ვფიქრობ, მეცნიერებისა და ბუნებისადმი ეს ინტერესი დღესაც მეხმარება, რომ სამყაროს უფრო ფართო, კომპლექსური ხედვით შევხედო.
თამარ შაიშმელაშვილი