არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში დაბრუნდება სახლში

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში დაბრუნებულიყო, ეს ძალისხმევა დღემდე გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ის უახლოეს დღეებში დაბრუნდება სახლში. დარწმუნებული ვარ, რადგან ამხელა ძალისხმევა უშედეგოდ უბრალოდ ვერ დასრულდება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ექიმის გასათავისუფლებლად ხელისუფლებამ ყველა მექანიზმი აამოქმედა, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატები და ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, ცხელი ხაზი და ხალხთაშორისი კავშირები.

„დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოს და ოჯახის ამხელა ძალისხმევა ვერ ჩაივლის უშედეგოდ”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაპატიმრება და მისთვის პატიმრობის შეფარდება ყველანაირ ადამიანურ პრინციპებს და საერთაშორისო სამართლის წესებს ეწინააღმდეგება.

„თუკი ოდნავ პრეტენზია გაქვს რომ რამეს მართავ, დე ფაქტო ხელისუფლებასაც კი, ასეთი რამ არ უნდა გააკეთო. ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცე და როგორ შეიძლება ყველაზე უარესად წარმოაჩინო შენი თავი, როდესაც აპატიმრებ ექიმს, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს შეტევის, ძალადობის და ტყვეობის სუბიექტი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, იყო რისკები, რომ მოხდებოდა საკითხის პოლიტიზირება და ეს ასეც მოხდა – ოპოზიციის ნაწილის მხრიდან იყო სპეკულაციები და საკითხის პოლიტიზების მცდელობა. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკურ სპეკულაციებს არცერთი ოჯახის უსაფრთხოება არ უნდა შეეწიროს.

„ვაჟა გაფრინდაშვილმა თავისი ქცევით, სასამართლოზე გაკეთებული განცხადებებით აჩვენა თავისი პრინციპული პოზიცია, რომელიც არის ასევე ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე კომპრომისი ვერ იქნება გაკეთებული. მეორეს მხრივ, პოლიტიკური სპეკულაციების გამო არ უნდა დაზარალდეს არცერთი ოჯახი, არცერთი ექიმის უსაფრთხოება და ფაქტი არის ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. მისმა მეუღლემაც, ძალიან დელიკატურად, ადამიანურად მოუწოდა ყველას, რომ პოლიტიკურ და უპასუხისმგებლო განცხადებებს ამასთან დაკავშირებით ნუ გააკეთებთო”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები