ეკატერინე დგებუაძემ ფსიქოლოგებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ეკატერინე დგებუაძემ და ირინა აბულაძემ ფსიქოლოგებთან და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას 15 წლის მოსწავლის ტრაგიკულად გარდაცვალების საკითხი წარმოადგენდა. მხარეებმა მოზარდებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრეს. მინისტრის მოადგილეებმა ყურადღება სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე გაამახვილეს, რაც ხელს შეუწყობს მოზარდთა თვითმკვლელობის პრევენციისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბავშვთა უფლებების საკითხს. ამ მიმართულებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეხვედრის მონაწილეებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილება და დამკვიდრებული სტანდარტები გაუზიარეს.
რამდენიმე დღეში, პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებას წარუდგენს კონკრეტულ გეგმას, რომელშიც ზედმიწევნით იქნება ასახული სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრის მექანიზმები.