გიორგი ვოლსკი: ეს დათმობა კი არა საღი აზრი და რაციონალური შეთავაზებაა
„ეს არის რაციონალური წინადადება, რომელიც ოპონენტ მხარესაც უნდა აწყობდეს, რომ გამოსავალი ნახონ პარტიათა შორის ურთიერთობაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით, ვინაიდან მცდელობების მიუხედავად, ეს კრიზისი საზოგადოებაში ვერანაირად ვერ გადადის. თუმცა, დღეს თუ ვერ ქმნის კრიზისს, ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა ხვალ სხვა ხასიათი მიიღოს. ამიტომ პასუხისმგებლობა მარტო ჩვენი არ არის. პასუხისმგებლობის ლომის წილი ოპოზიციასაც ეკუთვნის“, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ვიცე სპიკერის თქმით, მმართველი გუნდის შეთავაზება და ანალიზი ემყარებოდა იმას, რომ ვერც ერთი პარტია ვერ მოახერხებდა ისეთი უმრავლესობის შექმნას, რომელიც სრულად აიღებდა თავის თავზე პასუხისმგებლობას. „რასაც ჩვენ ვამბობთ 100/50-ზე ასევე, იმ ხალხისთვისაც არის გარკვეული კომპრომისი, რომელიც კითხვის ნიშნებს სვამს. ეს არის კითხვის ნიშანი იმ საფრთხის შესახებ, რაც საქართველოს რეალურად ემუქრება თუკი, კოალიციური ხელისუფლება არ შეიქმნა. ეს საფრთხე არსებობს და ამ საფრთხიდან გამომდინარე დაუპირისპირდა ამას ჩვენი გუნდის გარკვეული ნაწილი. ეს დათმობა კი არა საღი აზრი და რაციონალური შეთავაზებაა. შეთავაზებულია ძალიან სამართლიანი წინადადება, იმის გათვალისწინებით რომ ბლოკების შენარჩუნება, პროცენტული ბარიერის შენარჩუნება დარჩება ძალაში. თუკი დაგვეთანხმებიან ჩვენ ოპოზიციასთან ერთად, თავისუფლად შეგვიძლია მივიღოთ ის ფორმულა, სადაც მაჟორიტარულთან ერთად უკვე პროპორციული იქნება საკმაოდ დიდი რაოდენობით წარმოდგენილი და აქ მათ შეუძლიათ წარმატება ჰქონდეთ, როგორც თავად საუბრობენ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.