ზვიად კვაჭანტირაძე: ექიმთან დაკავშირებით დღემდე არ ისმის რუსეთში მცხოვრები იმ ქართველების ხმა, ვისაც სიტყვა ეთქმით პუტინის კარზე
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ვაჟა გაფრინდაშვილისთვის 1,9 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმიანება და აცხადებს, რომ ექიმის გასათავისუფლებად ხელისუფლებამ ვერაფერი შეძლო, პოლიტიკოსებმა კი, თავისი უარყოფითი როლი ითამაშეს.
პოლიტიკოსი ასევე განცვიფრებულია იმით, რომ რუსეთში მცხოვრები იმ ქართველების ხმა არ იმის, ვისაც პუტინის კარზე, პირადად პუტინთან სიტყვა ეთქმით,
„ვაჟა ექიმისთვის ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობის მისჯა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] არის კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ცხინვალის რეგიონი არის ფაქტიურად ოკუპირებული და დე-ფაქტო ანექსირებული რუსეთის მიერ და არავითარი დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ფაქტიურად არ არსებობს.
მე განცვიფრებული ვარ, რომ ამხელა საერთო – საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფონზე დღემდე არ ისმის რუსეთში მცხოვრები იმ ქართველების ხმა, ვისაც სიტყვა ეთქმით პუტინის კარზე, პირადად პუტინთან, რომ აღარაფერი ვთქვათ საზოგადოების იმ წევრებზე, ვისაც პრეტენზია აქვთ იყვნენ მნიშვნელოვანები ქართულ-რუსულ, თუნდაც ქართულ-ოსურ ურთიერთობებში, რუსეთში იქნება თუ აქ, საქართველოში. პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ.
სამწუხაროდ, პოლიტიკოსებმა თავისი უარყოფითი როლი უკვე ითამაშეს ვაჟას მიმართ ასეთი განაჩენის დადგომაში. ხელისუფლებამ კი ვერაფერი შეძლო, მითუმეტეს, რომ მისი რეალური და არა საჯარო დამოკიდებულება ვაჟას დაკავების მიმართ ბოლომდე ნათელი არ ყოფილა დღემდე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ და მერე ემიჯნებიან ერთმანეთს. #свободудокторуваже!“,-დაწერა კვაჭანტირაძემ.
ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ დღეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის 1,9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი 9 ნოემბერს დააკავეს, 15 ნოემბერს კი, ორთვიანი ე.წ. პატიმრობა მიუსაჯეს.