როგორ მივხვდეთ რომ ბავშვს პრობლემა აქვს – ფსიქოლოგი რისკებსა და სუიციდის გაშუქების სენსიტიურობაზე საუბრობს

არსებობს ასეთი სინდრომი, მით უმეტეს მოზარდებში, როცა ვრცელდება და გადამდები ხდება სუიციდი, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფსიქოლოგმა ხათუნა მუზაშვილმა განაცხადა.

ფსიქოლოგმა იმ რისკების შესახებ ისაუბრა, რომელიც სუიციდის თემის გაშუქებასთანაა დაკავშირებული.
„არსებობს ასეთი სინდრომი, მით უმეტეს მოზარდებში, როცა ვრცელდება და გადამდები ხდება სუიციდი.
სამწუხაროდ, ამას ხელს უწყობს ხოლმე, ის, როდესაც მედია დეტალურად აშუქებს ამ ყველაფერს, როცა ფაქტობრივად გაუაზრებლად ხდება ამ ფაქტის პოპულარიზაცია. რასაკვირველია, ამ ფაქტმა მიიპყრო მედიის ყურადღება. მიზანი სულ სხვა იყო, მედიას მიზანი ჰქონდა, რომ აღმოგვეჩინა დამნაშავეები, გვეპოვა შეცდომები და ა.შ. თუმცა, როგორც უარყოფითი, გვერდითი მოვლენა, დგება ასეთი შეედეგი, როცა მოზარდებს ესა თუ ის ფაქტი გმირობის გამოვლენის საშუალებად ევლინებათ ხოლმე, რადგან მათი ფსიქიკა ოდნავ სხვაგვარად არის მოწყობილი, ვიდრე ზრდასრული ადამიანების ფსიქიკა. როცა მოზარდს ინფორმაციას ვაწვდით, ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ყველა დეტალი და პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რაზე ვსაუბრობთ და რა შედეგი შეიძლება დადგეს“, – განაცხადა მუზაშვილმა.

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ფრაზის – „ამ ცხოვრების დედაც“, სოციალურ ქსელებში ტირაჟირება უნდა შეწყდეს.
„სოციალურ ქსელში ამ ფრაზას აზიარებენ ადამიანები და პროტესტს უერთდებიან, რადგან ამ ფრაზის გამო მოხდა ამბის ასეთი განვითარება. მოზარდებში ამ ფრაზის გაზიარება იწვევს ერთგვარ მოთხოვნილებას გმირობისას, თუ შეიძლება ასე ითქვას. აუცილებად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რას ვსაუბრობთ, რას ვუკეთებეთ ტირაჟირებას და რასაკვირველია, ჯობს, ეს ფრაზა რაიმე პოზიტიური ფრაზით შეიცვალოს, იმიტომ, რომ ამ ფრაზის მერე რა შედეგიც დადგა, ვიცით“, – აცხადებს ფსიქოლოგი.

ხათუნა მუზაშვილი მშობლებს მიმართავს და ამბობს, რომ მშობლებმა საკუთარ შვილებს უნდა მოუსმინონ.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, მშობელს ჰქონდეს თავის შვილისთვის დრო, თუნდაც გამოყოფილად 1 საათი, როცა ის ბავშვს თავიდან ბოლომდე მოუსმენს. მან უნდა მოახერხოს მოუსმინოს ბავშვის განცდებს.

ბავშვს თავისუფლად შეგვიძლია, შევატყოთ გარკვეული სიმპტომები იმ მდგომარეობისა, რომ ის შეიძლება არაადეკვეტურ სიტუაციაში იმყოფებოდეს. თუ ავიღებთ მოზარდებს, მათ 2 სახის გამოხატული პრობლემა აქვთ ხოლმე, ნაწილს აქვთ პრობლემა, რომ მათ ჩაგრავენ. ამ მდომარეობაში მყოფი ბავშვის ამოცნობა ძალიან მარტივია: სახლში ის ხდება ჩაკეტილი, არ აქვს გარეთ გასვლის სურვილი, უნდა რომ მეტად ჩუმად იყოს, მიდრეკილება აქვს, რომ თავის ოთახში შეიკეტოს, ბავშვების დაბადების დღეებზე, თავშეყრის ადგილებში დიდად არ უხარია წასვლა. არის მეორე კატეგორია: ლიდერი ბავშვები, რომლებიც თვითდამკვიდრების მიზნით სხვა ბავშვებს ჩაგრავენ, ისინი გარეგნულად გამოიყურებიან ისე, რომ საკმაოდ დარწმუნებულები, გახსნილები არიან. აუცილებელია, მშობელმა ყურადღება მიაქციოს ამ ორ ფაქტს. ეს არის 2 ძირითადი გადაცდომა, რომელიც ამ ასაკში არსებობს.

მოზარდებს, რომლებსაც სიუციდზე უფიქრიათ, ვეტყოდი, იფიქრონ თავინთ მშობლებზე, იმ ადამიანებზე რომლებსაც უყვართ ისინი, იფიქრონ თავიანთ ოცნებებზე“, – აცხადებს ფსიქოლოგი.

ცნობილია მასობრივი მიბაძვითი სუიციდის ფენომენი, რომელიც თავს იჩენს დროის ერთსა და იმავე მომენტში და ხშირად განპირობებულია მედიის ზეგავლენით. ფსიქოლოგების განცხადებით, სუიციდის შემთხვევების ხშირი გაშუქება ზრდის სუიციდის რისკს გარკვეულ ჯგუფებში, კერძოდ მოზარდებში.
დღეს ცნობილი გახდა,რ ომ აბაშაში 17 წლის გოგონამ მოიკლა თავი. „გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად“ – ეს არის 17 წლის გოგოს ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში, რითაც ის 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა. ამ პოსტიდან რამდენიმე საათში გოგონამ ლუკას მსგავსად, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შეგახსნებთ, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა რამდენიმე დღის წინ სცადა, გუშინწინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობს. დაკავებულია საქმის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები