ეკა ბესელია: წარწერის გაკეთება კედელზე ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეში მთავარი კითხვაა, თუ რატომ აღმოჩნდა ბავშვი საგამოძიებო ორგანოში, რადგან საქმე ეხებოდა არა სისხლის სამართლის დანაშაულს, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტს.
მისივე თქმით, მოზარდის ტრაგედია სისტემასთან მარცხს ააშკარავებს.
“სამწუხაროდ პროცედურები იყო დარღვეული. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, საერთოდ რატომ იყო ლუკა საგამოძიებო ორგანოში. ხომ არ არსებობდა სისხლის სამართლის საქმის აუცილებლობა. რატომ იკითხებოდა გამომძიებელთან. მთავარი კითხვაა, რატომ აღმოჩნდა ეს ბავშვი საგამოძიებო ორგანოში, როდესაც საქმე ეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტს იმიტომ, რომ წარწერის გაკეთება კედელზე ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, არც იყო გამოძიება დაწყებული ამიტომ, თავისთავად ფაქტი მისი პოლიციაში და გამომძიებლების ქვეშ დაკითხვების წარმოება თან რამდენიმე საათის განმავლობაში იყო აბსოლუტურად უკანონო.
ლუკას ტრაგედია ააშკარავებს სისტემასთან მარცხს. ის არსებული მანკიერი სისტემა, რომელშიც გამომძიებლები, პროკურორები და საბოლოოდ მოსამართლეები ერთ დიდ უსამართლობის ჯაჭვს ქმნიდნენ, რომელიც მიმართული იყო ადამიანის წინააღმდეგ და არა მის დასაცავად, ეს ტენდენცია დარჩა. ის პროკურორები, მოსამართლეები დარჩნენ ამ სისტემაში. ადამიანების ხელით ხდებოდა და ხდება უსამართლობა. როგორი კანონიც არ უნდა დავუწეროთ ჩვენ ამ უწყებებს, თუ სისტემას დახვდებიან ის გამომძიებლები, რომლებიც გუშინ ნიკა გოგუაძეს აწამებდნენ ან სხვას, ისინი იგივენაირად მოექცევიან სხვასაც.
სისტემური ცვლილება გულისხმობდა, რომ სისტემა უნდა გათავისუფლებულიყო მოძალადე პროკურორის, გამომძიებლის და მოსამართლისაგან. ზოგი დარჩა, ზოგი დაწინაურდა. საქმე სწორედ იმაშია, რომ ეს არის უსამართლობის ერთი ჯაჭვი. დღესაც ამის გამო გვაქვს ეს მსხვერპლი. მთავარი პრობლემა აქ არის, იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც უსამართლობის ჯაჭვში იყვნენ ჩაბმული დარჩნენ ამ სისტემის რეალიზების პროცესში. მაშინ, როცა ლუკა სიცოცხლეს ებრძოდა, ცოტა ხნის წინ მინისტრის მოადგილე ამტკიცებდა, რომ არაფერი მომხდარა, სისტემა დაკავებულ იყო იმით, რომ გაემართლებინათ ის ძალადობა, რაც ბავშვის წინააღმდეგ მოხდა. ეს არის ყველაზე შემზარავი”,- განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესახებაც ისაუბრა.
“არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ძალიან ნათლად ამბობს, რომ არასრუწლოვანი თუკი მოხვდება საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის პროცესში, საუბარია მოწმის საკით დაკითხვაზე, კანონიერი წარმომადგენელი ანუ მშობელი, ფსიქოლოგი, ადვოკატი არის აუცილებელი, რომ ამ პროცესს ესწრებოდეს, ეს არის გარანტირებული უფლება, რომლითაც უნდა ისარგებლოს არასრულწლოვანმა, იმ შემთხვევაში თუ კი მას არ შეუძლია აიყვანოს ეკონომიკური მდგომარეობის გამო ადვოკატი, მას კანონი აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით. ეს ყველაფერი იმიტომ ჩაიწერა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რომ გამორიცხულიყო რაიმე, ტიპის ისეთი დაშვება, რომელიც ბავშვის ფსიქიკისთვის, მისი განსაკუთრებით ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ამ ასაკობრივ პერიოდს უკავშირდება არ მოხდეს რაიმე უხეში ჩარევა და ზედმეტი სტრესი არ იყოს ბავშვისთვის დაშვებული”,- განმარტა ბესელიამ.