ალექსანდრე რაქვიაშვილი: როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ბიუჯეტის ხარჯზე მკურნალობს, არეცერთ მხარეს არ აქვს სტიმული რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე იზრუნოს

“როგორც კი კლინიკების მენეჯმენტმა მოგების მიღების მარტივი გზის დაკარგვის რისკი დაინახეს, გაჩნდა უამრავი ექსპერტის მოსაზრება, თუ რატომაა ეს ცუდი”,- ამის შესახებ ეკონომისტი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე რაქვიაშვილი საუბრობს.
​მისი თქმით, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მკურნალობს ბიუჯეტის ხარჯზე, არცერთ მხარეს, არც ექიმებს, არც კლინიკების მენეჯმენტს, არც სადაზღვევო კომპანიებს და არც თვითონ პაციენტს, არ აქვს სტიმული იზრუნოს რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე.
“ამ დროისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან გამომდინარე, კონფლიქტი ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების მენეჯმენტს შორის განპირობებულია არსებული სისტემის მიერ შექმნილი დესტრუქციული სტიმულებით. ფაქტობრივად, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მკურნალობს ბიუჯეტის ხარჯზე, არცერთ მხარეს, არც ექიმებს, არც კლინიკების მენეჯმენტს, არც სადაზღვევო კომპანიებს და არც თვითონ პაციენტს, არ აქვს სტიმული იზრუნოს რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე.რაც მინიმუმ მარტივად პროგნოზირებადი იყო, რადგან ამგვარი ოპორტუნისტული ქცევა ეკონომისტების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გახდა, როცა საბაზრო ეკონომიკის მქონე არაერთ ქვეყანაში სოციალისტური სისტემის სხვადასხვა ელემენტები დაინერგა და მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რამდენად დესტრუქციული ხდება ადამიანის ქცევა “საყოველთაო” სისტემების ფარგლებში. დღეს კი ყველა ასეთი საკითხი დეტალურად შესწავლილია და ეკონომიკური თეორიის სახელმძღვანელოებშია აღწერილი.
კარგად ცნობილია ე.წ. ინსტიტუტების ხელში ჩაგდების პრობლემაც, როცა ბიზნესმენი ლეგალურად შედის გარიგებაში მთავრობასთან, ბიუჯეტის ხარჯზე მოგების ზრდის მიზნით. ეს კი განსაკუთრებით გავრცელებულია “რთულ” სექტორებში, ანუ ისეთ ბიზნესში, სადაც რიგითი მომხმარებელი შედარებით ნაკლებად ინფორმირებულია. მაგალითად, ელექტროენერგეტიკა, განათლების სისტემა, წყალმომარაგება, საბანკო სისტემა და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემა.
სხვათა შორის, ასეთი სექტორის კარგი ინდიკატორია “ექსპერტების” სიმრავლე, რადგან “ობიექტური პოზიციის” მქონე ექსპერტებმა უნდა დამალონ გარიგების ფაქტი და დაიცვან ის ნებისმიერი კრიტიკისგან. ამიტომ თუ მომხმარებელი იკითხავს, რატომ არ შეიძლება ქალაქში იყოს ორი წყალმომარაგების კომპანია, გაჩნდება “ექსპერტი” კომენტარით “ბუნებრივ მონოპოლიაზე”, თუ ვინმე ლარის გაუფასურების შემდეგ ალაპარაკდა ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე, “ექსპერტი” არ დააყოვნებს შეგვახსენოს გარე შოკებზე და “მთავრობის ბრალზე”. და როგორც კი კლინიკების მენეჯმენტმა მოგების მიღების მარტივი გზის დაკარგვის რისკი დაინახეს, გაჩნდა უამრავი ექსპერტის მოსაზრება, თუ რატომაა ეს ცუდი და საშიში. უილიამ ისტერლის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ეს ყოველივე “ექსპერტების ტირანიის” ინდიკატორია, ანუ საზოგადოების, რომელიც “ექსპერტის მოსაზრების” საკრალიზაციისკენ და ამავდროულად, ადამიანის თავისუფლებების შეზღუდვისკენაა მიდრეკილი”,- წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

http://forbes.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები