ქვეშეთი-კობის გზაზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის 5 თანამშრომელი ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა – ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ერთი პირი კი გადაყვანილია კლინიკაში
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი — თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები — მოყვნენ ჩამოშლილი მასის ქვეშ.
ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში. ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.