გია გაბრიჭიძე: ადამ კიზინგერი და ჯერალდ კონოლი გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან, რომელშიც საკმაოდ ბევრი ლაფსუსია
ეს ინფორმაცია სწორედაც იმ ხალხმა მოგაწოდა, ვინც თავიანთი დესტრუქციული ქმედებით ცდილობდა დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლას,- ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ამერიკელი კონგრესმენების, კიზინგერისა და კონოლის წერილს.
მისი თქმით, წერილში საკმაოდ ბევრი ისეთი ლაფსუსია, რაც აშკარად არ ჯდება დემოკრატიული პრინციპების იმ კლასიკურ განმარტებაში, რისკენაც საქართველო თავისი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით საკმაოდ მყარი ნაბიჯებით მიიწევს.
„ამერიკელი კონგრესმენები ადამ კიზინგერი და ჯერალდ კონოლი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან, სადაც ისინი ხელისუფლებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებენ. ბატონო კონგრესმენებო, თქვენს წერილში საკმაოდ ბევრი ისეთი ლაფსუსია, რაც აშკარად არ ჯდება დემოკრატიული პრინციპების იმ კლასიკურ განმარტებაში, რისკენაც საქართველო თავისი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით საკმაოდ მყარი ნაბიჯებით მიიწევს. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ფრაზა – შოკირებულები ვართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დანაპირების შეუსრულებლობის გამო. ე.ი. თქვენის განმარტებით, პარლამენტში მიმდინარე აშკარად დემოკრატიული პროცესი, სადაც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო თავისი დაპირების გატანა, არის არადემოკრატიული, არაგამჭვირვალე და ავტოკრატიული რეჟიმისთვის დამახასიათებელი? კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ის, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის წინადადებამ პარლამენტში ვერ მოიპოვა საკმაო მხარდაჭერა, არის არადემოკრატიული? გაუგებარია და ნაწილობრივ მცდარია თქვენი წერილის ის მონაკვეთი, სადაც საუბრობთ, რომ – ქართველ ხალხს უნდა მთავრობა ხალხისთვის და ხალხის მიერ არჩეული. მათ სურთ მთავრობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. სწორედ ამის გამო გამოვიდა თბილისის ქუჩებში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, რომ გამოეხატათ წუხილი, მაგრამ საპასუხოდ ძალადობრივად გაუსწორდნენ.
დიახ, ქართველ ხალხს ნამდვილად უნდა მთავრობა ხალხისთვის და ხალხის მიერ არჩეული. მათ სურთ მთავრობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. მაგრამ ვერაფრით დავეთანხმები იმ მონაკვეთს, სადაც წერთ, რომ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის წუხილს ხელისუფლება ძალადობრივად გაუსწორდა. ჩემი აზრით, სწორედაც ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების დემოკრატიის უმაღლეს ფასეულობას კანონისადმი მორჩილება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმის აღკვეთა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვა წარმოადგენს. ვერ გეტყვით, საიდან მიიღეთ ინფორმაცია ე.წ. მრავალათასიანი ქციის „ძალადობრივი დაშლის” შესახებ, მაგრამ მაქვს მყარი საფუძველი, ვიფიქრო, რომ ეს ინფორმაცია, მსგავსი ინტერპრეტაციით, სწორედაც იმ ხალხმა მოგაწოდათ, ვინც თავიანთი დესტრუქციული ქმედებითა და ძალადობაში გადასული აქციით ცდილობდა დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლას და ქვეყანაში არეულობის გამოწვევას.
ფრიად სამწუხაროა თქვენი, როგორც გავლენიანი ფიგურების, ცალმხრივი დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და იმედს ვიტოვებ, რომ უფრო დაინტერესდებით მოვლენების განვითარების რეალური სურათით და შესაბამის რეაგირებას მოახდენთ”,- წერს გია გაბრიჭიძე.