რა ვიზიტით იმყოფებოდა მოსკოვში შალვა ნათელაშვილის ვაჟი

აზიის ქვეყნებში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიურად იმართება. გასულ წელს წარმომადგენლობით შეხვედრას რუსეთის ფედერაციამ უმასპინძლა.

კონფერენციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ საქართველოდან ამ ღონისძიებაში „ლეიბორისტული პარტია“ მონაწილეობდა, რომელიც კონფერენციაზე პირადად შალვა ნათელაშვილის ვაჟის, ბექა ნათელაშვილის სახით იყო წარმოდგენილი.

ICAPP-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ საერთაშორისო მდივანმა, ბექა ნათელაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.

ღონისძიება რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია რასიას“ და პირადად დიმიტრი მედვედევის მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენციის დასრულების შემდეგ დელეგატებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, სადაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს.

„ჩვენ მადლობას ვუხდით რუსეთის ფედერაციის მთავრობას, ისევე როგორც პარტია „ედინაია რასაიას“ ღონისძიებაში შეტანილი წვლილისთვის, ICAPP-ის მე-10 გენერალური ასამბლეის შესანიშნავი ორგანიზებისა და შეხვედრის შთამბეჭდავი წარმატებისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით „ედინაია რასიას“ თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს ამ ისტორიული შეხვედრის მხარდაჭერისთვის“, – ვკითხულობთ ICAPP-ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კონფერენციაში მონაწილეობისა და მედვედევისთვის გამოცხადებული მადლობის შესახებ „პრაიმტაიმმა“ კომენტარი ბექა ნათელაშვილს სთხოვა.

„დიახ, მოსკოვშიც ვიყავით ამ კონფერენციაზე დასასწრებლად. ასევე იყო სტამბულში, შრი-ლანკაში და სხვ. სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით იმართება ხოლმე მსგავსი კონფერენციები. მაგალითად, სტამბულში საუბარი იყო მიგრანტებზე.

ICAPP ფინანსდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის ჩინეთი, რუსეთი და ა.შ. ჩემი გამოსვლის ძირითადი ნაწილი დავუთმე ოკუპაციას. პირადი მადლობა ნამდვილად არ გადამიხდია მედვევდევისთვის. იქ ორგანიზატორმა, ვის გადაუხადა მადლობა არ ვიცი. ჩემი სიტყვა შემიძლია გადმოგიგზავნოთ, სადაც პირადად ვუთხარი რუსებს ოკუპაციაზე და რასაც ყველა ქართველი იტყოდა, ის ვუთხარი მათ. საერთო დეკლარაციაში რა ჩაიწერა, სხვაა. ეს კონფერენციები, სადაც ტარდება ყველგან მასპინძელი მხარე არის იმ ქვეყნის მმართველი პარტია. სტამბულში ასეთი კონფერენციის მასპინძელი იყო ერდოღანის პარტია, შესაბამისად რუსეთში – „ედინაია რასია“. ამის გამო, რომ არ წავსულიყავი მოსკოვში და უშუალოდ არ მეთქვა, რომ ოკუპანტები არიან, ალბათ არ იქნებოდა სწორი. პირადი საუბრები არცერთ რუს პოლიტკოსთან არ მქონია, რადგან ჩემი გამოსვლის შემდეგ თავს მარიდებდნენ“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბექა ნათელაშვილი.

„ლეიბორისტული პარტიის“ ინფორმაციით კი, ეს გახლავთ ამონარიდი მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე ბექა ნათელაშვილის სიტყვით გამოსვლიდან:

,,მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც არის მსხვერპლი საერთაშორისო დაძაბულობისა და ექსტრემიზმის. და არის მსხვერპლი სწორედ იმ ქვეყნის მხრიდან, რომელ ქვეყანაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის 20 % ოკუპირებულია. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის მოსახლეობის 10 % დევნილია. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის ბორდერიზაციაც და ხელოვნური საზღვრების გავლენაც დღემდე გრძელდება. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის დასაცავადაც საკუთარ მიწაზე უამრავი ქართველი დაიღუპა და დღესაც იღუპება. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მის მოქალაქეებს აპატიმრებენ საკუთარ მიწაზე გადაადგილებისთვის, მეტი ექსტრემიზმი ვფიქრობ წარმოუდგენელია. ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთი გაიყვანს თავის სამხედრო ძალებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ ცნობს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას. სწორედ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენ ისტორიის ახალი ფურცლიდან დაწერას. ამ მხარეების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება იქნება ბომბი მთელი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, იმ ფონზე როდესაც უმრავლეს სახელმწიფოებს ერთმანეთში გარკვეული ტერიტორიული პრობლემები და პრეტენზიები აქვთ. თუ ეს მაგალითი გადაედო საერთაშორისო სივრცეს, ეს გახდება გლობალური კატასტროფის საფუძველი და პირველ რიგში ეს იქნება პრეცედენტი და სტიმული რუსეთში მცხოვრები ხალხებისათვის, რათა მათაც გაუჩნდეთ დამოუკიდებლობის მოთხოვნის პრეტენზია”, – ბექა ნათელაშვილის სიტყვით გამოსვლის ტექსტური ვერსია.

წყარო: “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები