დავით ზურაბიშვილი: ჩვენ უფრო უნგრული ავტორიტარიზმი გვაქვს, ვიდრე ბელარუსული, ან რუსული, სადაც აბსოლუტური დიქტატურაა – მედიის თვალსაზრისით, უნგრეთში ოპოზიციისთვის უფრო მძიმე სიტუაცია იყო, ვიდრე ჩვენთან არის და სხვა პარამეტრებითაც არანაკლებ მძიმე სიტუაციაა
“პრაქტიკულად ოპოზიციის „მეინსტრიმი“, ძირითადი ძალები – „ალიანსი“, „რუსთაველის პროტესტი“ გვეუბნებიან, რომ პოლიტიკა ქვეყანაში მოკვდა და უნდა ვიომოთ. ხელისუფლებას უნდა გავუმართოთ ომი. ამათ უნდათ ლენინი. ამას მადიარი და პოლიტიკოსი კი არ სჭირდება, აქ საჭიროა ლენინი, ტროცკი, ჩეგევარა და ვიღაც ასეთი”,- ამის შესახებ დავით ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
ზურაბიშვილი საუბრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება მძიმეა და ავტორიტარიზმის ნიშნები მკვეთრად ჩანს, თუმცა ამბობს, რომ არ არის ისეთი დიქტატურა, როგორიც მაგალითად რუსეთში ან ბელარუსში.
ის მიიჩნევს, რომ ამ მხრივ უნგრეთში გაცილებით რთული სიტუაციაა.
„აბა, ასეთი დამოკიდებულებით პოლიტიკურ პროცესთან… ახლა მეორე საკითხია ეს რამდენად სწორი აღქმაა. ჩემი აზრით, არ არის სწორი აღქმა. კი, საქართველოში სერიოზულ დონეზეა ავტორიტარიზმი ფეხგამდგარი, მაგრამ ეს მაინც ჯერ არის ელექტორალური ავტორიტარიზმი, ანუ, ავტორიტარიზმი, რომელიც ეყრდნობა ხალხის მხარდაჭერას და არჩევნებს, ეს მაინც ასეთია მიუხედავად თავისი სიმძიმისა, როგორიც იყო უნგრეთში. ჩვენ უფრო უნგრული ავტორიტარიზმი გვაქვს, ვიდრე ბელარუსული, ან რუსული, სადაც აბსოლუტური დიქტატურაა და ოპოზიცია არც არსებობს იქ, არათუ ოპოზიციური ტელევიზია და მედია არ არსებობს, საერთოდ ოპოზიციაც აღარ არის იმიტომ, რომ თუ ოპოზიციონერი ხარ, უკვე ხარ ციხეში.
მედიის თვალსაზრისით, უნგრეთში ოპოზიციისთვის უფრო მძიმე სიტუაცია იყო, ვიდრე ჩვენთან არის და კიდევ სხვა პარამეტრებითაც არანაკლებ მძიმე სიტუაციაა. საარჩევნო კანონმდებლობა იქ ბევრად უარესი არის, ვიდრე ჩვენთან. მადიარმა რითაც მოიგო, ეს საარჩევნო კანონმდებლობა, დაწყებული კომისიების დაკომპლექტების წესის, დამთავრებული ხმების დათვლით, საარჩევნო კომისიის არჩევით, მთლიანად ხელისუფლების ხელშია ფორმალურადაც და არაფორმალურადაც. ამიტომ, ასეც არ არის, რომ იქ ადვილი პირობები იყო, ევროპაა და ადვილი გასეირნება იყო. ადვილი გასეირნება არ ყოფილა, პირიქით ძალიან მძიმე პირობებში მოუწიათ“-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.