ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ქვემო ქართლი და სამეგრელო-ზემო სვანეთი ჩაერთვებიან
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა დამატებით ორ რეგიონში – ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელდება. ინფორმაციას სეს ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ რეგიონებში უკვე დაწყებულია შესაბამისი პერსონალის დაკონტრაქტების პროცესი.
“შერჩეული თანამშრომლები საველე სამუშაოების დაწყებამდე სპეციალურ სასწავლო გადამზადების კურსს გაივლიან, რაც პროგრამის ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა ეტაპობრივად ყველა რეგიონში ამოქმედდება და მოიცავს როგორც პატრონიანი, ისე მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების მართვის კომპლექსურ ღონისძიებებს.
პატრონიანი ძაღლების შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა – რუსთავი, ფოთი, ქუთაისი, ბათუმი და თბილისი, განხორციელდება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩიპირება, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და ძუ ძაღლების სტერილიზაცია.
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების შემთხვევაში, გარდა აჭარის რეგიონისა და თბილისისა, გათვალისწინებულია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, კასტრაცია/სტერილიზაცია და დიაგნოსტიკური კვლევები.
ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი აღნიშნულ ღონისძიებებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ცხოველთა მოყვარულებთან და მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს.
ამ ეტაპზე ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს სატესტო რეჟიმში იმერეთისა და კახეთის რეგიონებში ახორციელებს. ასევე, ერთჯერადად სატესტო რეჟიმში განხორციელდა ძაღლების აყვანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.