სვიმონ ჯანგულაშვილი: გვახარიას ლაიქებსა და აღიარებაზე დახამებულ, პირველხარისხოვან კომპოზიტორ მიკა მდინარაძეს აუხსენით, რომ 13 დეკემბერს შესრულებულ ევროპის ჰიმნში არაფერი შეგვიცვლია

ვისაც ეს პირველხარისხოვანი კომპოზიტორი – მიკა მდინარაძე გყავთ სამეგობროში, აუხსენით, რომ 13 დეკემბერს შესრულებულ ევროპის ჰიმნში ჩვენ არაფერი შეგვიცვლია,- ამის შესახებ სამების საპატრიარქო მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ქართული ყველაფროლოგიის პაპისა და პატრიარქის – გვახარიას ლაიქებზე, მეგობრობასა და აღიარებაზე დახამებული და თბილისის მერიის ტენდერების გაუთავებლად ვეღარ მოგებით დამწუხრებული, გამორჩეული მელოდიური ნიჭიერების, უნიკალური ჰარმონიული ენისა და ფილოსოფიურობით აღბეჭდილი ფაქტურული აზროვნების მქონე ეს პირველხარისხოვანი კომპოზიტორი – მიკა მდინარაძე (იხ. სქრინები პოსტის ბოლოს) ვისაც გყავთ სამეგობროში, აუხსენით, რომ, როდესაც ნოტებსა და პარტიტურის ანალიზს ისწავლის და ბეთ”ხ”ოვენის მეცხრე სიმფონიის პარტიტურაში ჩაიხედავს (და რამეს გაიგებს), დაინახავს, რომ 13 დეკემბერს შესრულებულ ევროპის ჰიმნში (ანუ, ბეთ”ხ”ოვენის მეცხრეს ფინალის თემაში), ჩვენ არაფერი შეგვიცვლია, არც კრიმანჭული დაგვიმატებია ბეთ”ხ”ოვენის ამ გენიალური თემისთვის და არც „ადილა-ალიფაშას“ ბგერით და „ჩოჩხათურადან“ მოპარული ჰარმონიით „გაგვიმდიდრებია“ მდინარაძისგან დაცული „ბეთი“, იგივე ბეთ”ხ”ოვენი…. ბეთ”ხ”ოვენის პარტიტურიდან ერთი საორკესტრო ფრაგმენტი ავიღეთ, რომელიც მოკუმული პირით და “უ”-თი ვიმღერეთ და ერთი საგუნდო – რომელიც ფართო ჰარმონიული განლაგებიდან ერთგვაროვანი გუნდისათვის შესაფერის ვიწრო განლაგებაში გადმოვიტანეთ.

ისიც მოუყევით პირველხარისხოვანს, რომ მისგან განსხვავებით, კონსერვატორიაში სწავლისას (თუმცა, სულო, ცოდვილო, ეს რა სახსენებელია? განა ღვთაებრივი ვერდი კონსერვატორიის გარეშეც არ იყო გენიალური კომპოზიტორი? ხოდა, მიკაც მის გვერდითაა), საგუნდო არანჟირებას გენიალური იოსებ კეჭაყმაძე გვასწავლიდა და ვიცით, რა უხდება გუნდს და რა არა. ისიც ვიცით, რომ a cappella ჟღერადობაში ევროპის ჰიმნად აღიარებული 24 ტაქტის გადმოტანისას, გრანდიოზული სიმფონიური ტილოს ეფექტს ან მასშტაბს არ უნდა ველოდებოდეთ. სხვათა შორის, არც საკუთარი შეცდომების, ჩავარდნებისა თუ კოლეგების ნიჭიერების აღიარება გვიჭირს…

ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ღონისძიებებზე ამ მუსიკის სხვადასხვა ვერსიები და არა მაინცადამაინც კონკრეტულად ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი სრულდება. ამ გაერთიანებათა ოფიციალურად ჰიმნად აღიარებულია, ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალის ჰერბერტ ფონ კარაიანის მიერ შესრულებული საორკესტრო ვერსია, ევროპულ ენებს შორის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, გუნდის და ვოკალის გარეშე არანჟირებული. და ზოგადად, ხშირია შემთხვევა, როდესაც ჰიმნები სხვადასხვა არანჟირებით, სხვადასხვა ვერსიებით იმღერება – მაგ. ყველას გვახსოვს რამდენჯერ ერთი მომღერლის მიერ შესრულებული ჰიმნი, იგივე ჩვენი საოცარი ანიტა რაჭველიშვილის მიერ რამდენ ღონისძიებაზე ნამღერი ჰიმნის მელოდია – ორკესტრის, გუნდისა და ყოველგვარი თანხლების გარეშე.

აი, რა პატარა და ახლომხედველი უნდა იყო ადამიანი, რომ მაგ დროს სთქვა – ჰიმნი მხოლოდ ერთმა მომღერალმა შეასრულა და უსუსური, საცოდავი და ყალბია, ყველაფერი გამოაცალეს და იდეის გარეშე დატოვეს ნოტებიო.

ბეთ”ხ”ოვენის ეს თემა ევროპის ერთ-ერთი სიმბოლოა, მეცხრე სიმფონიის მთლიანი ფინალიც ევროპის სიმბოლოა. ოფიციალურ ღონისძიებაზე შეიძლება შესრულდეს მთლიანად ფინალიც, და შეიძლება შესრულდეს ამონარიდიც. შეიძლება შესრულდეს ამონარიდის სხვადასხვაგვარი არანჟირებებიც… სიმბოლო რჩება სიმბოლოდ, უბრალოდ ის სხვადასხვაგვარად შეფერილი, სხვადასხვაგვარი მასშტაბით, ფორმითა და ვარიანტით გადმოიცემა ხოლმე…

საქმე სხვა რამეშია – პირველ რიგში ის, რომ მდინარაძის ეს პოსტი მისი შურისძიების ტკბილი მომენტია :) – მე მდინარაძე გავაკრიტიკე ამის წინ, იმიტომ რომ ის, გვახარია-ლადარიასა და სხვა ყველაფროლოგებთან და ნაც-ინტელიგენციასთან ერთად ჩაბმული იყო გენიალური რობერტ სტურუას ლანძღვაში.

რა თქმა უნდა, ყველაფროლოგიისა და მიშ-ნაც-რურუა-ინტელიგენტის მაღალი სტატუსი მდინარაძეს არ ეკუთვნის. ის უფრო იმ სატელიტთა რიცხვში შედის, ვინც ყველაფერს აკეთებენ, გვახარია-ლადარია-ბუღაძის და სხვა მსგავსი გრანდებისა და მეტრების აღიარება და კეთილგანწყობა რომ მოიპოვონ… მართლაც, ხუმრობა საქმე ხომ არაა, როდესაც ეს საზიზღარი და აუტანელი 80 წლის სტურუები, გაბრიაძეები და ჭილაძეები, დოჩანაშვილები, ერქომაიშვილები და ჩხეიძეები მოგვშორდებიან, ქვეყნის მთავარი ავტორიტეტები სწორედ ქართველი ყველაფროლოგები იქნებიან. ამას დავუმატოთ, ყველაზე პრინციპული პოლიტიკოსი, დიდი ლიტერატორი და ვაჟა-ფშაველას სექსუალური მანიაკალობისა და უზნეობის მამხილებელი ბერძენიშვილი… აი, ვინაა ჩვენი კულტურის მეთაურთა, სტრატეგთა და ანალიტიკოსთა ხვალინდელი უძლეველი არმადა!!! ხოდა, ხომ უნდა ვიზრუნოთ, რომ ახალ “სვეცკობასა” და ელიტაში კარგი ურთიერთობები და ლიბერალ-პროგრესულის იმიჯი გვქონდეს? ხომ უნდა დაინახონ, რომ ვემიჯნებით სტურუას, ვემიჯნებით ივანიშვილს (მას შემდეგ, რაც მერიაში მფარველ-ძმაკაცი აღარა გვყავს და ტენდერებს გაუთავებლად ვეღარ ვიგებთ და ჩვენს ნიჭიერ და მაღალ-ორგანიზებულ ღონისძიებებს ვეღარ ვახვევთ თავს ქართულ საზოგადოებას, რათა აღვზარდოთ იგი)? ხომ უნდა დაინახონ, რომ პროგრესულები ვართ და საპატრიარქოც არ გვევასება (თუმცა, ბოლომდე ღიად ვერ დავუპირისპირდებით, მაინც შარია, მაგრამ, საპატრიარქოს გუნდს შეიძლება დავცხოთ – ეგენი ვის დაჰკარგვიან, თავად საპატრიარქოშიც არ სწყალობენ)..

მოკლედ, სტურუას და რა ბედნიერებაა, რომ მის გვერდით ჩემი ლანძღვისათვის პირველხარისხოვანი კომპოზიტორის გარჯა სხვა არაფერია, თუ არა მისი არაცნობიერის კივილი – დამინახეთ, რა პროგრესული ვარ, რა მაგარი და ქოცებისაგან რა დაჩაგრული ვარო, არ მეშინია გავაკრიტიკო ქოცების ღონისძიებაზე გამოთრეული საპატრიარქოს გუნდის მიერ შესრულებული ბეთ”ხ”ოვენიო, მაღიარეთო, დამაფასეთო :)

მუსიკოსების წრეში ვიცით, რომ პირველხარისხოვანს მანამდე იდეა-ფიქსი ჰქონდა, რომ “კულტ-მასობრივი” ღონისძიებებისა და სანახაობებისათვის გამართულ ყველა ტენდერს სტეფანე და კახუჩელა იგებდნენ და მას ჩაგრავდნენ, რაღაცა ხანი ნიკოლოზ რაჭველიც ებრძოდა და ჩაგრავდა,:) ახლა კი, სვიმონ ჯანგულაშვილია მისი პირადი მტერი, რახან გაბედა და გააკრიტიკა მისი უღირსი პოზიცია სტურუას წინააღმდეგ

მე, რა თქმა უნდა, სჯობდა, არც ბეთ”ხ”ოვენის ამ ბრწყინვალე არანჟიროვშიკის, ბეთ”ხ”ოვენის მიმართ ადვოკატობაზე ამომეღო ხმა, და ზოგადად, “ჭკვიანი” რომ ვიყო, არც არავის გადავიმტერებდი, ჩუმად ვიქნებოდი და არხეინად შევხედავდი, როგორ ლანძღავენ ვერაფრის შემქმნელი “მოღვაწეები” “წითელ” ინტელიგენტ რობერტ სტურუას. უფრო გონივრულად და სარფიანად გამოვიყენებდი ჩემს სტატუსს, თანამდებობას, ნაცნობობას და ა.შ.. ზოგადად, დუმილი, გადატანითი და პირდაპირი გაგებით ოქრო რომაა, ვიცი…

მაგრამ, მაინც მგონია, რომ როდესაც გვახარია კონფორმიზმსა და ფარისევლობაში „ამხელს“ სტურუას ან უნიჭიერეს პაატა ინაურს, და თვითონ მთელი ცხოვრება ფარისევლურად და პოლიტიკოსების მიმართ კონფორმიზმში აქვს გატარებული, ამ დროს გაჩუმება მართლაც ფარისევლობაა. მგონია, რომ, როდესაც ჩემი თანამედროვეები წარმატებით აგრძელებენ ადამიანებისა და განსაკუთრებით, გენიალური ადამიანების ჯიჯგვნისა და სიცოცხლის გამწარების ქართულ ტრადიციას, აუცილებელია, ამ დროს გამოვხატო ჩემი სიყვარული და აღიარება ამ გენიალური და მასობრივი ისტერიის წინაშე უშიშრად აღმართული ადამიანების მიმართ.

სხვათა შორის, რაც შემეძლო (მართლა ვინა ვარ? ერთი თითქმის წარუმატებელი მუსიკოსი, რომელიც ვერადავერ ვაღწევ იმ ხარისხსა და პროფესიულ სიმაღლეს, რაც მინდა, ვერ ვაღწევ იმ მუსიკის მაღალი ხარისხით შესრულების ბედნიერებას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს), აქ, ფეისბუქში თუ ყველგან, სადაც სიტყვა მეთქმის, მუდამ ვიცავდი და დავიცავ კიდეც იგივე გვახარიასაც – როდესაც მას უპირისპირდებიან რელიგიური ფაშისტები და რადიკალები, შოვინიზმით, ფანატიზმითა და ჰომოფობიით ანთებული ბნელი ძალები. გვახარია მართლაც შესანიშნავი კინომცოდნეა და მისნაირი პროფესიონალები ძალიან გვჭირდება… მაგრამ, გვახარია სწორედ ისეთივე რადიკალი და განსხვავებული აზრის მიმართ შეუწყნარებლობითა და ცინიზმითაა შეპყრობილი, როგორც, სამწუხაროდ, დანარჩენი ქართველები ვართ. გვახარია-ბუღაძეები და მით უმეტეს, ვერაფრის შემქმნელი ლადარიები არიან კრებსითი სახე იმ ადამიანებისა, რომლებიც თავად დიადს ვერაფერს ქმნიან და თავისუფლების სახელით ცდილობენ გაანადგურონ წარუვალ ღირებულებათა შემოქმედი ავტორიტეტები, რომ მერე თავად დაიკავონ ამ ავტორიტეტების ადგილი და გახდნენ ღირებულებებისა და მიმართულებების მოკარნახენი და დამდგენნი ჩვენს საზოგადოებაში.დიახ, ამ ტიპის ლიბერალური ფაშიზმიც ვნახეთ ბევრჯერ, სამწუხაროდ, როდესაც ლიბერალები მიუღებელი ადამიანების ბულინგს, ცილისწამებასა და სულიერ განადგურებას დიდი სიამოვნებით ეწევიან. ამას ვხედავთ წლებია, პირადად რობერტ სტურუას წინააღმდეგ. ეს ვნახეთ მაშინ, როდესაც გია ყანჩელმა გააკრიტიკა საქართველოს სახელმწიფოს ჰიმნი – როგორი ისტერია და აგრესია დაიწყეს ნაცებმა, ძალიან კარგად გვახსოვს მე და ჩემს მეგობრებს… აღარ დავიწყებ ჩამოთვლას როგორ ვექცევით ქართველები ნიჭიერ და გამორჩეულ ადამიანებს და ზოგადად, განსხვავებული აზრის კორექტულად გამომთქმელ ადამიანებს…

მდინარაძეს რაც შეეხება – მოსმენილი მაქვს მისი ლამაზი ნამუშევრებიც კინომუსიკის ჟანრში. ჩემთვის ის, როგორც კომპოზიტორი, ამით ამოიწურება (რაც სინამდვილეში, არც ისე ცოტაა, მორიკონეს, როტას, ვილიამსსა და ციმერს თუ გავიხსენებთ). არც არასდროს მიხსენებია და არც ვახსენებდი არასდროს (მიუხედავად იმისა, რომ რატომღაც გამარჯობას არასდროს მეუბნებოდა ) ), მაგრამ, ვერასდროს შევეგუები მშვიდად და ჩუმად იმას, რომ ამ ტიპის ხელოვანები მონაწილეობდნენ რობერტ სტურუას მასშტაბის მქონე ხელოვანთა მკვლელობაში. მუდამ ვიტყვი იმას, რაც სათქმელია.

ბატონ მდინარაძეს ვურჩევ, პირდაპირ გააკრიტიკოს “ქართული ოცნება” და რობერტ სტურუას და მით უმეტეს, მე შეგვეშვას. ბეთ”ხ”ოვენზე იგავურ საუბარს, რომ ქვეყანაში იდეა გამოცლილი “ნოტებია”, სჯობს პირდაპირ სთქვათ, ბატონო მიკა, თქვენი პოზიცია. დამიჯერეთ, ყველანი უფრო დაგაფასებენ და პატივს გცემენ – მათ შორის, გვახარიაც და მერიაც :) ამ უკანასკნელს კი, ვთხოვ, კიდევ გააკეთებინოს მრავალი ღონისძიება მდინარაძეს – ვინძლო გაბედნიერდეს და შეგვეშვას რობერტ სტურუასაც, ჩვენც და “ბეთი”, იგივე ბეთ”ხ”ოვენსაც. ზოგადად, არც ისე ბევრია ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს, “თბილისობები” და “26მაისები” აკეთოს და ყველას მორიგეობით აკეთებინეთ და ისინიც ბედნიერები იქნებიან და ჩვენც…

სერიოზულად კი – პოლიტიკოსებს მოგეცათ ჩვენი ცოდვა, რომ გაგვყავით ორად ეს ერთი მუჭა ხალხი და გვაჭმევინებთ ერთმანეთს. XX საუკუნის დასაწყისის “ივერიაში” წერია – სულ ორნახევარი მუსიკოსი გვყავს და ისინიც ერთმანეთსა სჭამენო. არც არაფერი შეცვლილა. ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ, ჭავჭავაძეს ვკლავთ, გალაკტიონს და სტურუას დავცინით, ნიჭიერებს ვჩაგრავთ, უნიჭოებსა და ყველაფროლოგებს კი პარადი მიჰყავთ… “შერეკილები” ვართ…

P.S. 2 კვირაა ფეისბუკში არ შემოვდივარ. მივხვდი, რომ ძალიან მანგრევს. ალბათ, სჯობდა, არც ეს პოსტი დამეწერა და მსოფლიოს მომავალ ბეთ”ხ”ოვენოლოგებისთვის მიმენდო „ბეთის“ ამ ადვოკატისა და გამკრიმანჭულებელის ეს აპოთეოზური გამოსვლა. მაგრამ ადიქცია რომ გაქვს ფეისბუკზე, ვერაფერს იზამ.

დედოფალი მარგარეტ გადის…“- წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები