გამომძიებელი: მოზარდი არ ყოფილა დედის გარეშე გაყვანილი, მშობელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასაც ესწრებოდა(ვიდეო)

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი “მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის ფაქტზე მოზარდის დაკითხვასთან დაკავშირებით, მოსწავლის განმარტოებით გაყვანის და დაკითხვის ფაქტს სიცრუეს უწოდებს.

მისი თქმით, მოზარდი დაკითხვისა და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის პროცესში მუდმივად დედასთან ერთად იმყოფებოდა.

“კომუნიკაცია ბავშვთან ხდებოდა დედის მონაწილეობით, მოზარდი არ ყოფილა დედის გარეშე, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასაც ესწრებოდა დედა. როგორც გაჟღერდა, რომ სამი საათის განმავლობაში იყო გაყვანილი დაკითხვაზე მარტო და საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. არსად არ ყოფილა ცალკე გაყვანილი,” – განაცხადა გამომძიებელმა.

გამომძიებელმა განმარტა, რომ ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა პოლიციელს მოზარდის განცალკევება მოუწია, ოღონდ იმავე სივრცეში. ამის მიზეზი, როგორც გამომძიებელი ამბობს, დედასა და შვილს შორის უთანხმოება გახდა.

“უთანხმოებაზე განყოფილების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გამოიწვია მოზარდი გვერდზე და განუმარტა, რომ უნდა მოქცეულიყო წესიერად, მოუწოდა წესრიგისკენ. მეორე დღეს მე მქონდა კომუნიკაცია, დამიკავშირდა დედა და მითხრა, რომ მოზარდს უნდოდა ახალი ჩვენების მიცემა, სადაც იტყოდა სიმართლეს. შევთანხმდით, რომ გამოცხადდებოდნენ ისევ პოლიციის განყოფილებაში 11 საათზე, სადაც უშუალოდ მე დავხვდებოდი. გამოცხადდნენ, შევხვდით ერთმანეთს, გავესაუბრე მოზარდს ახალ დეტალებთან დაკავშირებით და მან ახალი ინფორმაცია არ მომაწოდა, ამიტომ გამოკითხვა აღარ ჩატარდა და გაშვებული იქნა პოლიციის განყოფილებიდან დედასთან ერთად,” – განაცხადა მარიანა ჩოლოიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები