ბათუმში ექიმზე თავდასხმის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

სამსახურეობრივი მოვალეობის დროს ექიმზე თავდასხმის ფაქტზე შს სამინისტრომ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ბათუმის მედ-ცენტრის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ,,რეგიონულ კვირასთან“ 12 დეკემბრის თავდასხმის ფაქტს იხსენებს. მისი თქმით, თავდამსხმელი ერთ-ერთი პაციენტის შვილია.
,,12 დეკემბერს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს შემოვარდა რეანიმაციაში, მთხოვა, რომ სალაპარაკო ჰქონდა. დაცვის თანამშრომლებმა ის ჰოლში გაიყვანეს, რადგან ჩემს მიმართ აგრესიით იყო განწყობილი – ჯერ იმუქრებოდა, შემდეგ კი ცივი იარაღით ჩემზე თავდასხმა სცადა“, – იხსენებს ზვიად ბახტაძე.
როგორც გაირკვა, მედიცინის დოქტორი თავდამსხმელის მამას რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა, პაციენტი ,,მედ-ცენტრში“ 27 ნოემბერს ნეოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. როგორც ექიმი აღნიშნავს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
,,პაციენტი 27 ნოემბერს კომატოზურ მდგომარეობაში შემოიყვანეს, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა, როგორიცაა – ქრონიკული ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე და შარდის ბუშტის სიმსივნე, მოკვეთილი ჰქონდა ერთი კიდური. მიუხედავად 18 დღიანი მკურნალობისა პაციენტი სამწუხაროდ გარდაიცვალა. მკურნალობის პროცესში ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან იყო კომუნიკაცია. ინფორმირებულნი იყვნენ ყველა იმ წვრილმანის შესახებ, რაც პაციენტთან დაკავშირებით ხორციელდებოდა. არავითარი პრეტენზია მათ არ გამოუთქვამთ ამის შესახებ, თუმცა საკვირველია, რატომ გაახსენდა თავის შვილს რამდენიმე დღის შემდეგ“,- ამბობს მეცნიერებათა დოქტორი.
ექიმი ზვიად ბახტაძე ფიქრობს, რომ ფაქტს სამსახურეობრივ საქმიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მისი ვარაუდით, ამ ყველაფრის უკან სხვა პირი დგას, რომელიც ექიმისა და მისი ოჯახის დაშინებას ცდილობს. ზვიად ბახტაძის მამას სამშენებლო საქმიანობასთან ჰქონდა შეხება, ზვიად ბახტაძე არ გამორიცხავს თავდასხმის ფაქტი ამასთან იყოს კავშირში. იგი 6 თვის წინანდელ ფაქტსაც იხსენებს, როდესაც უცნობი პირი ექიმისთვის ზიანის მიყენებას ცდილობდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები