არჩილ თალაკვაძე: სასამართლო დღეს ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა

“დღეს სასამართლო არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მძევალი და არ არის მისი ზეგავლენის ქვეშ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სასამართლოში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისივე შეფასებით, სასამართლო სისტემა რეალურად, უკეთესობისკენ შეიცვალა.
„ჩვენ ვხედავთ კრიტიკულ მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს ჩვენი შეფასებები ამ პროცესთან მიმართებით. მეორე მხრივ, სახეზე არის ობიექტური მოცემულობა, სახეზე არის ის, რომ ჩვენ რეალურად შევცვალეთ უკეთესობისკენ სასამართლო სისტემა ამ ქვეყანაში და ამას კონკრეტული ფაქტები მოწმობს. პირველი ის, რომ ამ სფეროში კანონმდებლობა არ ჰქონდა საქართველოს, დღეს აქვს. მეორე ის, რომ შერჩევის პრინციპი ასეთი ღია და გამჭვირვალე პრინციპით არასოდეს ჩატარებულა. დღეს ეს ტარდება.
მესამე ის, რომ დღეს სასამართლო არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მძევალი და არ არის მისი ზეგავლენის ქვეშ. მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანება დაიწყო მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაგვჭირდა დრო, რომ სასამართლო სრულიად გათავისუფლებულიყო ამ ზეწოლისგან და ამ ზემოქმედებისგან. დღეს არის ბევრად უფრო თავისუფალი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რაც შეეხება რაოდენობას, რჩევა იყო რომ ამ პარლამენტს უზენაეს სასამართლოში თანამდებობის ნახევარი დაეტოვებინა ვაკანტური. ჩვენ დავამტკიცეთ 12 ახალი მოსამართლე და ორი მოქმედი მოსამართლე, რომელსაც გაუგრძელდათ უვადოდ ვადა. შესაბამისად, უზენაეს სასამართლოში არის 28 ადგილი და რჩება თითქმის ნახევარი. მით უმეტეს, როდესაც გაზაფხულზე, ზაფხულში ოთხ მოსამართლეს გასდის ვადა და ეწურება თავისი მანდატი.
ამასთან, არიან ადამიანები, რომელიც გარედან შემოვიდნენ სისტემაში და არ იყვნენ მოქმედი მოსამართლეები და რამდენიმე მათგანზე საუბრობენ, რომ არიან ხელისუფლების მხრიდან შესაძლო მხარდაჭერილი კანდიდატები. თუმცა, საერთო ჯამში, პარლამენტმა მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო აუცილებელი საჭიროება, რადგან ოთხი ათასზე მეტი საქმე არის დღეს უზენაეს სასამართლოში განსახილველი. ამის განხილვას ვერ შეძლებს დღეს ვერც ოთხი და ვერც რვა მოსამართლე. ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება და ამ საქმეების უკან დგას კონკრეტული ადამიანების ოჯახები. ერთი წელი დავხარჯეთ ჩვენ იმისათვის, რომ ღია პროცესი ყოფილიყო უზრუნველყოფილი.
გვქონდა პრაქტიკულად არაფერი, დღეს გვაქვს ხელშესახები, ბევრად დამოუკიდებელი სიტუაცია, სადაც მოსამართლეებს შეუძლიათ, დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე სასამართლოში. ამიტომ, მე ვერ დავეთანხმები ვერავის შეფასებას, ვინც აბსოლუტურად ნეგატივს ხედავს ამ ყველაფერში. პროგრესი სახეზეა, ევროპის საბჭოს და სხვა პარტნიორების პოზიციები ეს არის ჩვენი მეგობრების მოსაზრებები. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ ამას თვალს და მეოთხე ტალღა გუშინ იმიტომ დავამტკიცეთ, რომ რეფორმები გავაგრძელოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები