ბაჩო ოდიშარია: ვინც ყოველდღე გაჰყვირის, რომ დასავლური კურსის მიმდევარია, ეჭვქვეშ აყენებს ისეთ მნიშვნელოვან ევროპულ ინსტანციას, როგორიც სტრასბურგის სასამართლოა
ის, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში გაყვირის, რომ დასავლური კურსის მიმდევარი და ევროპულ გზაზე შორი დისტანციის მორბენალია, არ იზიარებს და უფრო მეტიც, გმობს, ეჭვქვეშ აყენებს და ლახავს ისეთ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ევროპულ ინსტანციას, როგორიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა, – ამის შესახებ კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია ტელეკომპანია POSTV-ის ვიდეობლოგში ამბობს.
ბაჩო ოდიშარია საუბრობს სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით 18 ივლისს გამოტანილ ვერდიქტზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ ძალაში დატოვა და გადახედვას არ ექვემდებარება.
ოდიშარიას თქმით, ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობიდან” ჯერჯერობით მხოლოდ გიგა ბოკერიამ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ისტორიაში შევა როგორც არცთუ ისე კარგი გადაწყვეტილება.
“ზაზა შათირიშვილმა მომიყვა ასეთი ისტორია, 1981 წელს, ინგლისში, კონკრეტულად კი ლონდონში, ერთდროულად ორი საინტერესო მოვლენა დაფიქსირდა. ვესტ ჰემთან გასვლაზე თბილისის “დინამომ” ოთხით ერთი მოიგო, ხოლო აგილობრივ თეატრში, შექსპირის გლობუსში, რუსთაველის თეატრმა რიჩარდ მესამე დადგა, რომლის პრემიერამაც სრული ანშლაგით ჩაიარა. მეორე დღეს ბრიტანული საინფორმაციო გამოშვებების კულტურული ბლოკი შემდეგი ტექსტით დაიწყო: გუშინ ქართველებმა ფეხბურთის და შექსპირის სამშობლოში, ფეხბურთის თამაში და შექსპირის დადგმა გვასწავლესო. ეს, ერთის მხრივ, დიდი კულტურული წარმატება იყო საერთაშორისო არენაზე და ამასთან პოლიტიკურიც, რადგან ეს იყო მოხსენიებული არა როგორც საბჭოთა წარმატება, არამედ, საქართველოს გამარჯვება.
უახლეს ისტორიაში მსგავსი პოლიტიკური გამარჯვება ამა წლის 18 ივლისს დაფიქსირდა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2”-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა, რითაც საერთაშორისო არენაზე, ფუნდამენტური ევროპული ინსტიტუტის მიერ დამტკიცდა არხის მიტაცების საკითხი და პარალელურად, ამავე დღეს, სტრასბურგის სასამართლომ დამნაშავედ ცნო “ნაციონალური მოძრაობის” სახელმწიფო მმართველობა იმ ძალადობრივი სპეცოპერაციის განხორციელებაში, რომლის დროსაც ზურა ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს, რითაც კიდევ ერთხელ, საერთაშორისო, ევროპული, ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ, “ნაციონალური მოძრაობის” ძალადობრივ რეჟიმად აღიარების ხაზგასმა მოხდა. გუშინ სტრასბურგის სასამართლომ” რუსთავი ორის” საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა: 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტი ძალაში დარჩა და ის გადახედვას არ ექვემდებარება. ამის შესახებ, “ნაცებიდან” ჯერჯერობით მხოლოდ ბოკერიამ გააკეთა განცხადება, ისტორიაში სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შევა როგორც არც თუ ისე კარგი გადაწყვეტილებაო.
მოდი ახლა გადავხედოთ როგორ აფასებდა ოპოზიციური სპექტრი, რომელიც თავს პროევროპულს უწოდებს, ერთ-ერთი მთავარი ევროპული ინსტიტუციის გადაწყვეტილებას:
ამ ყველაფრის შემხედვარე, პატარა ფრაგმენტებით რომ მთლიანი მოზაიკა ავაწყოთ, რა სურათი იშლება ჩვენ თვალწინ: ის, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში გაყვირის, რომ დასავლური კურსის მიმდევარი და ევროპულ გზაზე შორი დისტანციის მორბენალია, არ იზიარებს და უფრო მეტიც, გმობს, ეჭვქვეშ აყენებს და ლახავს ისეთ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ევროპულ ისნტანციას, როგორიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა. “ნაცებისთვის” დემოკრატიული განვითარების კურსი მხოლოდ მაშინაა მისაღები, თუ მასზე მხოლოდ თეორიული საუბრები მიმდინარეობს, რათა საერთაშორისო მედიაში პოზიციონირება ან უფრო სწორად, პოზერობა შეძლონ, თუმცა როგორც ვხედავთ, პრაქტიკაში დემოკრატიული პროცესებისგან მიღებულ გამარჯვებებს, რომელიც მათ წისქვილზე არ ასხამს წყალს, დაუყოვნებლივ შეცდომად, მტრის გამარჯვებად, მოსყიდვად, რუსულ გავლენებად ასაღებენ.
სტრასბურგის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის შიდა გამარჯვებაა, თუმცა ეს არ არის ისეთივე საერთაშორისო წარმატება, როგორიც ზემოთთქმულ 81 წელს იყო, რადგან ამ გამარჯვების უკან ის ფაქტი დგას, რომ ცხრა წლის მანძილზე ჩვენ ქვეყანას დემოკრატიის უზურპატორი რეჟიმი მართავდა, რომელიც ყოველდღიურობაში არღვევდა ადამიანის უფლებებს. შესაბამისად, ყოველ ჯერზე, როდესაც მარცხდება “ნაციონალური მოძრაობა”, იმარჯვებს ქართული საზოგადოება. მთავარია, ტემპი არ დავაგდოთ,” – ამბობს ბაჩო ოდიშარია.