კახა კალაძე: უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებს შორის რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა
თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლების დამტკიცების საკითხს გამოეხმაურა.
მისი მოსაზრებით, დამტკიცებულთა შორის, რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანაა, რომ სასამართლო სისტემა გაჯანსაღდეს.
„მოსამართლეებთან დაკავშირებით ჩემს მიდგომას და დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე. ჩვენთვის მთავარი არის, რომ საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ჰქონდეს განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულება. ინდივიდუალურად რაც შეეხება მოსამართლეებს, გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით უკვე მიღებული იქნა, ბევრი არ იქნა დამტკიცებული, თუმცა მათგან ვინც დამტკიცდა, არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა, ეს ჩემი მოსაზრებაა. ჩვენთვის მთავარი არის გავაჯანსაღოთ სისტემა. მთავარი იყო ის რომ, იყო ერთი ადამიანი – მიხეილ სააკაშვილი და მისი დაჯგუფება. ეს ერთი ადამიანი იყო სასამართლო, პარლამენტი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა კალაძემ.