საჯარო სამსახური და პროფესიული მემკვიდრეობა – რატომ არ უნდა გადავაყოლოთ ადმინისტრაციულ ცვლილებებს პროფესიონალი კადრები
“მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი დაუშვებლად მიიჩნევს პროფესიული მემკვიდრეობითობის და სახელმწიფოებრივი მეხსიერების დაკარგვას და აცხადებს, რომ საჯარო სამსახურებში მესამე დონის მენეჯერებზე ადმინისტრაციის ცვლილება არ უნდა ვრცელდებოდეს.
საქართველოში ერთგვარი მანკიერი ტრადიცია ჩამოყალიბდა – ამა თუ იმ საჯარო უწყებაში, სამინისტრო იქნება ეს, თუ თვითმმართველი ორგანო, უმაღლესი თანამდებობის პირების შეცვლის დროს იცვლებიან მეორე და მესამე რგოლის მენეჯერებიც. მესამე დონის მენეჯმენტი, იგივე დეპარტამენტებისა და განყოფილებების უფროსები, ის ადამიანები არიან, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული სამეურნეო პროცესში და საკმაო გამოცდილებაც აქვთ დაგროვილი.
„მენაშენეთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ ასეთი კადრების შეცვლა უწყებებში დიდ პრობლემებს იწვევს, რადგან კომუნალურ მეურნეობაში შეუძლებელია ახალი კადრი ერკვეოდეს იმ უამრავ პრობლემაში, რომელთა მოწესრიგება და მოგვარება დედაქალაქისთვის ყოველდიღურ აუცილებლობას წარმოადგენს.
“როდესაც არჩევნების შედეგად იცვლება ხელისუფლება, იქნება ეს ცენტრალური მთავრობა თუ თვითმართველობა, ხშირად იცვლებიან ქვედა რგოლების მენეჯერებიც, რაც დაუშვებელია. მე მესმის, რომ პირველი პირი და მოადგილეები პოლიტიკური ფიგურები არიან, მაგრამ სამინისტროში, მერიაში ან ნებისმიერ სხვა უწყებაში, მესამე რანგის მოხელეები, დეპარტამენტის და განყოფილების უფროსები არ შეიძლება ასე იცვლებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ახალ ლიდერს, რომელიც მესამე რანგის მენეჯერებს თანამდებობებიდან გაათავისუფლებს, საჯარო განმარტებების გაკეთება მაინც უნდა დაევალოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. ამით იკარგება სახელმწიფო მეხსიერება. მაგალითად, კვირიკაშვილმა და კალაძემ, როდესაც ერთი ეკონომიკის მინისტრი, ხოლო მეორე ენერგეტიკის მინისტრი იყო, არცერთმა შეცვალა კადრები და შედეგად, შენარჩუნდა “მეხსიერება“ უწყებებში, რასაც ვერ ვიტყვით ზოგიერთ სხვა შემთხვევაზე, როდესაც, მაგალითად წლების წინ, მერიაში ქვედა რგოლის მენეჯმენტი პრაქტიკულად მთლიანად შეცვალეს“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
მისივე თქმით, შედეგად მოხდა ის, რომ ახალმა თანამშრომლებმა დღეს დაიწყეს იმაზე ფიქრი და მივიდნენ იმ გადაწყვტილებებმადე, რაც 6 წლის წინ უკვე ნაფიქრი ჰქონდა მერიის ეკონომიკური სამსახურის მაშინდელ უფროსს და დაწყებული ჰქონდა კიდეც მუშაობა. ახალი შემადგენლობა დღეს მივიდა იმ აზრამდე. ეს იმიტომ მოხდა, რომ ხალხი გაუშვეს და ე.წ. სახელმწიფო მეხსიერება, მემკვიდრეობითობა დაიკარგა.
“გარდა სახელმწიფო მეხსიერების დაკარგვისა და დაწყებული პროცესის დამუხრუჭებისა, სხვა პრობლემებიც იჩენს თავს – მაგალითად, სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულ სპეციალისტს ეკარგება ინტერესი და იწყებს ფიქრს არა საქმეზე, არამედ პოზიციის, სამსახურის შენარჩუნებაზე.
ერთ კონკრეტულ მაგალითსაც მოგიყვებით – როდესაც კრწანისის გამგებლად დავინიშნე, ჩემი მოადგილე შემოვიდა, ძალიან აღელვებული ჩანდა. რომ ვკითხე, რა მოხდათქო, მითხრა, ბეთლემის ქუჩაზე ქორწილია და ხვალ პურის მოედანზე კანალიზაცია გაიჭედებაო. რატომ უნდა გაიჭედოსთქო? – აი ნახავო. თურმე, ქორწილი რომ მთავრდება, მასპინძლები საჭმლის ნარჩენებს პირდაპირ ყრიან კანალიზაციაში და ზუსტად ორშაბათს, პურის მოედანზე გაჭედილი დამხვდა კანალიზაცია. წარმოიდგინეთ, ამ სპეციალისტმა ზეპირად იცოდა კრწანისის რაიონის საკანალიზაციო სისტემა, სად რომელი კვანძი იყო, სად რა დიამეტრის მილები გადიოდა, სად იყო ჯერ კიდევ ნიკოლოზის დროინდელი მილები და სად თუჯი. სწორედ ამის გამო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ არც ერთი თანამშრომელი არ გამეშვა სამსახურიდან,”- ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია, დანერგილია ნორმატიული აქტები და სტრატეგიული დოკუმენტები, საჯარო სექტორში მაღალი კვალიფიციის მქონე კადრების შესანარჩუნებლად. საქართველოს შემთხვევაში, კერძო სექტორში გაცილებით მეტი უმაღლესი კვალიფიკაციის კადრი მუშაობს, ვიდრე სახელისუფლებო სტრუქტურებში და ამის საფუძველი საკმაოდ ბანალურია – ხელფასის ოდეენობა. თუ კერძო სექტორში საშუალო ხელფასი 1316 ლარია, საჯარო სექტორში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 892 ლარს შეადგენს.
R