“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერით “ნაცმოძრაობის” რეაბილიტაციას მოვახდენთ”
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრიან განაცხადა, რომ კანდიდატების მხარდაჭერით სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” რეაბილიტაცია მოხდება.
მისი თქმით, საერთო სახალხო დაკვეთა სამართლიანობის აღდგენა იყო.
“მე ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების მიღებით, შინაარსობრივი თვალსაზრისით, პირველი ოქტომბერი მთავრდება იმიტომ რომ, ეს არ არის პირველი ოქტომბრის მონაპოვარი. ჩინჩალაძე, კლანის ლიდერი, არ ყოფილა საერთო სახალხო დაკვეთა. საერთო სახალხო დაკვეთა იყო სამართლიანობის აღდგენა, კონკრეტული ადამიანების დასჯა. 7 წლის თავზე კვერცხების სროლა და წყლის შესხმა კი არ იყო დაკვეთა, კონკრეტული ადამიანების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იყო, რომელიც არ განხორციელდა ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე. მეტსაც გეტყვით, იმ ადამიანებმა, რომლებმაც ფული მოიპარეს ამ ქვეყანაში, იმ ადამიანებმა რომლებმაც ჩვენი საზოგადოება დევნეს, ქონება წაართვეს დღემდე იმ ფულით ამ ქვეყანაში შოულობენ ფულს, ხსნიან ტელევიზიებს. დღეს ჩვენ ამ გადაწყვეტილებით სასამართლოში მოვახდენთ “ნაციონალური მოძრაობის” რეაბილიტაციას. “ნაციონალური მოძრაობა” არ არის ერთი ადამიანი, ეს არის პოლიტიკური სტანდარტი, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და სახელმწიფო მოხელე,” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ, ხმაურია.