“ჩვენ ამ ბავშვებს არ ვასწავლით მხოლოდ სიმღერას, ჩვენ მათ ერთმანეთთან ურთიერთობებსაც ვასწავლით“ – 30 წლის ეთნომუსიკოლოგი ონიდან

30 წლის თორნიკე სხიერელი ონის სალოტბარო სკოლაში ბავშვებს გალობა-სიმღერას მესამე წელია ასწავლის. მისი ისტორია კი იმით გამოირჩევა, რომ ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან დაინტერესდა რაჭული ეთნოფორების შეგროვება-გადაწერით და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ფესვებს დაუბრუნდა.

„რეგიონულ კვირასთან“ საუბარში ახალგაზრდა ლოტბარი ამბობს, რომ 10-წლიანი შრომის შედეგად უამრავი მასალა დაუგროვდა, რომლის გამოცემასაც უახლოეს პერიოდში აპირებს.
„სალოტბარო სკოლის ბავშვები ძალიან ნიჭიერები არიან და აინტერესებთ ის, რასაც აქ ვასწავლით, ამ ბავშვებიდან თუნდაც ერთი ან ორი მათგანი თუ ამ მიმართულებით გააგრძელებს საქმიანობას, ჩავთვლით, რომ დიდი შედეგი გვექნება, მადლობა ღმერთს გვაქვს მოწესრიგებული სარეპეტიციო დარბაზი, გათბობა, მაქსიმალური ხელშეწყობა ადგილობრივი მერიისგან, მონაწილეობა არაერთ ფესტივალში მივიღეთ და არცთუ წარუმატებლად – მიწვეული ვიყავით ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე, ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გახსნაზე, ჯანო კახიძის სასახლეში გამართულ კონცერტზე და სხვადასხვა ღონისძიებაზე, რომელიც რაჭისა თუ საქართველოს მასშტაბით იმართება ხოლმე.
არ ვიქნები სუბიექტური და ვიქნები ობიექტური – თუ გვინდა, რომ ქართველებმა თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ, თუ გვინდა, რომ მსოფლიო საზოგადოებას ვაჩვენოთ რა იდენტობის მატარებელი ერი ვართ, რაც უნდა გამოცემები გაკეთდეს, რაც არ უნდა სიდი და აუდიო ალბომები გამოიცეს, უმნიშვნელოვანესია ის, რომ მომავალმა თაობამ გააგრძელოს ცოცხალი ტრადიცია. ჩვენ სალოტბარო სკოლაში ბავშვებს  მარტო სიმღერას არ ვასწავლით, ჩვენ მათ ერთმანეთთან ურთიერთობებს ვასწავლით, რადგან სიმღერა ყველაზე ეფექტური საურთიერთო ენაა და ვცდილობთ, ამაში პატარა წვლილი შევიტანოთ“, – ამბობს თორნიკე სხიერელი.

 

 

 

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები