მამუკა მდინარაძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ღირსეული და პროფესიონალი მოსამართლეები იქნეს შერჩეული.

“ჩვენ მხარს დავუჭერთ თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად, ან უარვყოფთ მხარდაჭერას და ეს იქნება თითოეული პარლამენტარის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. დღეს გამოიკვეთა, რომ უკვე რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ამაზე დეპუტატების მსჯელობიდან წამოსული საერთო ანალიზი ნათლად მოწმობს, მაგრამ რა თქმა უნდა, სახელებს და გვარებს კენჭისყრის წინ არავითარ შემთხვევაში არ დავასახელებ. უნდა დაველოდოთ კენჭისყრას, სადაც ინდივიდუალურად მიიღებენ დეპუტატები გადაწყვეტილებებს, სადაც, ჩემი აზრით, გათვალისწინებული იქნება ის მსჯელობა, რომელიც უმრავლესობის ფორმატში დღეს გაიმართა. მე გამიჭირდება კონკრეტული კომპონენტის გამოყოფა იმ მიზეზებიდან, რომელიც დასახელდა, მათ შორის იყო გარკვეულ კითხვებზე პასუხები, რაც მიიღო კომიტეტმა და ამის გარდა, იყო უამრავი სხვა მიზეზი, რაზეც საზოგადად ვერ ვისაუბრებთ, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული დეტალი არის მნიშვნელოვანი და არ მინდა რომელიმე დეტალი ამოვარჩიო და ამაზე გაკეთდეს აქცენტი. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ შევარჩიოთ მინიმუმ ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ უზენაესი სასამართლო არ გაჩერდეს. მოგეხსენებათ 6000-ზე მეტი საქმეა დღეს უზენაეს სასამართლოში და სჭირდება კოლეგიები სამივე პალატაში, რომ გააგრძელოს გამართული მუშაობა.

რამდენიმე თვეში აღმოჩნდება, რომ უზენაეს სასამართლოში არის მხოლოდ ოთხი მოსამართლე და აქედან გამომდინარე, უნდა შევარჩიოთ ოპტიმალური რაოდენობა და უნდა ვიფიქროთ, რომ რაც შეიძლება ღირსეული და პროფესიონალი მოსამართლეები შევარჩიოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები