“მინდა ბავშვებს ვასწავლო, რომ ბუნებაში უამრავი ლამაზი ნივთია, რომელიც ადამიანს შეუძლია სხვა სახით წარმოაჩინოს” – ონელი თვითნასწავლი უცნობი ხელოვანის ისტორია
თბილისში დაიბადა, მაგრამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში გაატარა, როგორც ამბობს, თავისუფლება უყვარს და იმიტომ. თვითნასწავლი ხელოვანი ონიდან, გია ქებაძე მრავალი წელია ხის ფესვებისა და ქვებისგან უნიკალურ ნივთებს ქმნის.
მუზეუმად ქცეული სახლ-კარი და ნიჭიერი ხელოვანის ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნება – “რეგიონული კვირა” გია ქებაძის ისტორიას გიამბობთ.
გია ონში დეიდასთან ერთად ცხოვრობს, დედ-მამა ადრე გარდაეცვალა და დეიდამაც თავი გიას აღზრდას მიუძღვნა. სკოლაც ონში დაამთავრა, თბილისში პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ხე-ტყის გადამუშავების ფაკულტეტზე მოეწყო, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ბავშვობიდან აკვიატებული გაუთვითცნობიერებელი გრძნობა, რომ ამ სფეროში რაღაც უნდა გაეკეთებინა – არადა არ ტოვებდა.
ერთ დღესაც, ტყეში სოკოზე გასულმა, ხის გამხმარი ფესვი შენიშნა და სახლში წამოიღო.
“ამ ფესვისგან რაღაც შევქმენი და მაშინ მივხდი – ეს სწორედ ის გაუცნობიერებელი სურვილი იყო, რომელიც მუდამ თან დამყვებოდა. აღმოვაჩინე, რომ ეს მიმართულება ჩემია“, – იხსენებს გია.
მუზეუმად ქცეულ სახლში შესვლისთანავე იგრძნობა, რომ აქ ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი ცხოვრობს. ხის ფესვებისგან ხელით დამზადებული სკამები, მაგიდა, საქანელა, კედლის ულამაზესი საათები, ჭაღები, ბრები, სასმისები და სხვა უამრავი კომპოზიცია, რომლებიც დაუმუშავებელი მასალითაა შექმნილი, თანაც ისე რომ პირვანდელი სახე აქვთ შენარჩუნებული.
“ხის ფესვებზე მუშაობა მაინტერესებს, როდესაც ტყეში მივდივარ და ლამაზად გამხმარ ფესვს ან ქვას შევნიშნავ, უკვე ვიცი, რასაც შევქმნი. მომაქვს სახლში და ჩანაფიქრს რაც შეიძლება მალე ვასხამ ფრთებს. ეს პროცესი ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. გამოფენის გაკეთებაც მიცდია, მაგრამ ვერ მოვახერხე, გაყიდვითაც გამიყიდია რამდენიმე, მაგრამ გაჩუქება უფრო მიყვარს ხოლმე. მინდა, ვინმეს ვასწავლო. ერთი პატარა სახელოსნოს გაკეთებაში რომ ვინმე დამეხმარებოდეს ან ჩემით რომ შემეძლოს ამის გაკეთება, ბედნიერად ჩავთვლი თავს – მინდა, ბავშვებს ვასწავლო, რომ ბუნებაში უამრავი ლამაზი ნივთია და ის ადამიანის ხელს შეუძლია სხვა სახით წარმოაჩინოს“, – თავის სურვილებს გვიზიარებს ხელოვანი.
მატერიალური სიდუხჭირის გამო, გია ქებაძე ხშირად იცვლის სამუშაო ადგილს. ამბობს, რომ ხშირად საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაც უწევს, რათა გამზრდელ დეიდას მცირედით მაინც დაეხმაროს ყოფის შემსუბუქებაში.
“რა ვქნა, ხან სად ვმუშაობ და ხან სად, ევროპაშიც გავდივარ ხოლმე, ძალიან რომ გაგვიჭირდება მე და დეიდას, მერე ისევ ჩამოვდივარ და აქაურობას ვუბრუნდები. ვცადე მეპოვა რამე სამსახური, მაგრამ ისიცაა – ყველა საქმის კეთება არ შემიძლია. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ზუსტად ვიცი – „ცხოვრებაში არასოდეს უნდა თქვა არასოდეს“, ადამიანი წინსვლაზე უნდა ფიქრობდეს, მაგრამ ყოველთვის მართალი გზით უნდა მიაღწიოს სურვილების შესრულებას“, – ამბობს გია და თავის საყვარელ ხელსაქმეს უბრუნდება.