იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ზუგდიდისა და კასოლა დი ნაპოლის მერები მრავალმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ზუგდიდისა და კასოლა დი ნაპოლის მერები მრავალმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ზმუნიციპალიტეტის მერი კასოლა დი ნაპოლის მერთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულებებს ესტუმრა.
ზუგდიდის მერიაში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მხარეები გაცვლითი პროგრამების შექმნაზე შეთანხმდენ და ახალგაზრდების სხვადასხვა პროექტში ჩართვის გზით მათი დაახლოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გიორგი შენგელია იტალიელ ახალგაზრდებს ზუგდიდსა და საქართველოზე ესაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.
ვიზიტის ფარგლებში მერი სხვადასხვა სახის საწარმოებსაც ესტუმრა და იტალიელ მეწარმეებს შეხვდა.
“მერი ღვინის, ყველის, იტალიური პასტისა და ხორცის საწარმოებს ესტუმრა. ასევე დაათვალიერა ტურისტული ობიექტები და ორგანიზაციები. მასპინძელ მხარეს მერმა ზუგდიდისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობა შესთავაზა”, – უთხრეს “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიაში.
ზუგდიდის მერიის ცნობით, გიორგი შენგელია კასოლა დი ნაპოლისა და მიმდებარე ქალაქების ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობასა და წყალმომარაგების კომპანიის ოფისსაც ეწვია, სადაც დეტალურად ისაუბრეს თანამედროვე სისტემების დანარგვასა და გამოცდილების გაზიარებაზე.
კასოლა დი ნაპოლის მერისა და ადგილობრივი ხელისუფლების საპასუხო ვიზიტი ზუგდიდში 2020 წლის მაისისთვის იგეგმება. მხარეების შეთანხმებით 2020 წლის მაისის თვეში ქალაქებს შორის დამეგობრების მემორანდუმს მოეწერება ხელი.