გუგული მაღრაძე ერევანში, საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

4-5 დეკემბერს, ქალაქ ერევანში “გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რეზოლუცია: ქალები მშვიდობისთვის – შესაძლებლობები და გამოწვევები” საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ მოხსენება წარადგინა.
გუგული მაღრაძემ გამოსვლაში იმ კვლევების შედეგები მიმოიხილა, რომლებიც ქალების სამშვიდობო პროცესებში ჩართვის მიზანშეწონილობასა და სარგებლობას მოწმობს.
“ქალებს მათი თვისებების და სოციალური გამოცდილებიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი ალტერნატივების წამოყენება შეუძლიათ კონფლიქტების გადასაჭრელად მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესებში, მაგრამ ქალების პოტენციალი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არაა სათანადოდ რეალიზებული და მაგალითად, კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალების მონაწილეობა არ აღემატება 8-10 %, მაშინ როცა სტატისტიკა მოწმობს რომ კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა 80- % -ს ქალები წარმოადგენენ” – აღნიშნა კონფერენციაზე გუგული მაღრაძემ.
მან შეკრებილ საზოგადოებას ის სამუშაოები გააცნო, რასაც საქართველოს ხელისუფლება და სამოქალაქო სექტორი გაეროს აღნიშნული რეზოლუციის განხორციელებისათვის ეწევა.
“მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში საქართველოს არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ რეზოლუციის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა უკვე 2012 წელს შეიმუშავა. ამჟამად მიმდინარეობს 2018- 2020 წლის სამუშაო გეგმის განხორციელება. გეგმის განხორციელების კოორდინაციისთვის პრემიერ- მინისტრის აპარატში შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო. გეგმაში გათვალისწინებულია ის საკითხები, რაც საჭიროა რეზოლუციის წარმატებით განხორციელებისთვის. მიმდინარე გეგმაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დევნილების, ასევე კონფლიქტით დაზარალებული, და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრისპირას მცხოვრები ქალთა საჭიროებების მოგვარებას, მათთვის შექმნილია სპეციალური საგრანტო პროგრამაც, რათა ხელი შეეწყოს ამ კატეგორიის ქალთა დასაქმებას. მიმდინარეობს სისტემატური ტრენინგები სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტების პერსონალისთვის, რომ მათ უკეთესად განახორციელონ რეზოლუციით გათვალისწინებული დავალებები”, – აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
კონფერენციაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა გადაუჭრელი კონფლიქტების ზემოქმედება ქალებზე, რაც უშუალოდ უკავშირდება მათ და მათი ოჯახების უკიდურეს გაჭირვებას, მათი უფლებების შელახვას, პრობლემებს ჯანდაცვაში, განათლებაში, დასაქმებაში. კონფერენციაზე დიდი ადგილი დაეთმო იმ მექანიზმების განხილვას, რაც გააძლიერებს ქალების ჩართულობას კონფლიქტის გადაჭრაში, პოსტ კონფლიქტურ რეკონსტრუქციასა და მყარი მშვიდობის მშენებლობაში.
კონფერენციაზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა სომხეთის პრემიერის მეუღლე ანა ჰაკობიანი, რომელმაც სამშვიდობო პროცესებში ქალების მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საერთაშორისო ღონისძიებას სომხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები