“ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება იწვევს კანის ნორმალური ფლორის რღვევას, შედეგად კი – კანის გაღიზიანებას და ქავილს” – ინფექციონისტი
“ადამიანები საკმაოდ ხშირად იყენებენ ანტიბაქტერიულ საპნებს ხელის, ტანის და შორისის დასაბანად.
ეს პრაქტიკა არ არის გამართლებული, რადგან ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება იწვევს კანის ნორმალური ფლორის რღვევას, შედეგად კი – კანის გაღიზიანებას და ქავილს”, – ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ინფექციონისტი განმარტავს, ასევე, ანტიბაქტერიული საპნის გამოყენებამ შეიძლება – ხელი შეუწყოს რეზისტენტული ბაქტერიების გავრცელებას.
“განსაკუთრებით მიზანშეუწონელია ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება შორისის დასაბანად. ამან შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს, კერძოდ, სიმშრალე, ქავილი, სოკოს რეაქტივაცია. ასევე ხელს უწყობს ბაქტერიული ვაგინოზის განვითარებას.
საყოფაცხოვრებო პირობებში წყლით და ჩვეულებრივი საპნით/გელით ხელის და ტანის დაბანა სრულიად საკმარისია მექანიკური გასუფთავებისა და პათოლოგიური ბაქტერიების უმრავლესობის მოსაცილებლად. შორისის დასაბანად არსებობს სპეციალური გელები, რომლებიც ინარჩუნებენ ლორწოვანის ნორმალურ ბალანსს.
ანტიბაქტერიული საპონი შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგალითად სამედიცინო დაწესებულებებში, ისიც კონკრეტულ სიტუაციებში. ასევე, ზოგჯერ შეიძლება ექიმმა პაციენტს ინდივიდუალურად დაუნიშნოს ანტიბაქტერიული საპნით დაბანა.
მოკლედ, მიკრობების წინააღმდეგ ბრძოლის ზედმეტი მცდელობა ანტიბაქტერიული საპნების გამოყენებით ხშირად არასასურველ შედეგებს იწვევს და უნდა მოვერიდოთ”, – წერს ინფექციონისტი.