“აი, რას გვიკეთებენ რუსი “მეგობრები”-კრემლის ჯაშუშები კვლავ სკანდალში გაეხვნენ (ვიდეო)

0

ახლახან, YouTube-ში ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც ჩანს, რომ ბელგრადში არსებული რუსეთის საელჩოს თანამშრომელი, სერბეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელს დიდძალ ფულს გადასცემს. ბალკანური მედიის ცნობით, ვიდეოკადრებში, ბელგრადში რუსეთის სამხედრო ატაშეს ყოფილი მოადგილე გეორგი კლებანია აღბეჭდილი. ვიდეოს ავთენტურობა სერბეთის სადაზვერვო სამსახურმა “ბია”-მ უკვე დაადასტურა.

სერბეთის პრეზიდენტმა, ვუჩიჩმა ქვეყნის სპეცსამსახურებს ამ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების დაწყება დაავალა. ბუნებრივია, ეს ჯაშუშური სკანდალი ბალკანური მედიის ნომერ პირველი თემა გახდა. მით უმეტეს, რომ ეს ვიდეო, სერბეთის პრეზიდენტის რუსეთში ოფიციალურ ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე გასაჯაროვდა. ალექსანდრ ვუჩიჩი ამ დღეებში სოჭაში ვლადიმერ პუტინს შეხვდა და ორმხრივი ურთიერთობების შესახებ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისმა ვიზიტმა სწორედ ჯაშუშური სკანდალის ფონზე ჩაიარა.

რა არის აღბეჭდილი ვიდეოში

YouTube-ის ანონიმმა მომხმარებელმა განათავსა ვიდეოჩანაწერი, სადაც ავტოსადგომზე ორი მამაკაცის შეხვედრაა ასახული. ერთ-ერთი მათგანის სახე დაფარულია, ხოლო მეორეს სახე მკაფიოდ ჩანს. ვიდეოს ახლავს წარწერა-„რუსები სერბეთს ქრთამავენ. ამ ვიდეოში “ГРУ”-ს ოფიცერი, პოლკოვნიკი გეორგი ვიქტორის ძე კლებანი, თავის სერბ აგენტს-მაღალი თანამდებობის პირს ფულს უხდის. კლებანი მუშაობს რუსეთის საელჩოში ბელგრადში. აი, რას გვიკეთებენ რუსი “მეგობრები“;
ვიდეოში ჩანს, რომ სავარაუდო რუს ოფიცერს თეთრი ჩანთა მოაქვს, შემდეგ ორი მამაკაცი ერთად სვამენ ლუდს, ხოლო ამის მერე, ხდება ჩანთის გადაცემა “სერბი აგენტისთვის”. ის კლებანს სანაცვლოდ წითელ ჩანთას გადასცემს, რომლის შიგთავსი უცნობია. ამის შემდეგ, სავარაუდო სერბი აგენტი მიღებული ჩანთიდან ბანკნოტების დასტას იღებს და თვლის.

საიდან არის ცნობილი, რომ ვიდეოზე ნამდვილად “ГРУ”-ს ოფიცერია?

სერბეთის უსაფრთხოების და ინფორმაციის სააგენტოს “ბია“-ს ანალიტიკური მართვის ხელმძღვანელმა, რელია ჟელსკიმ განაცხადა, რომ რუსი ოფიცრის ვინაობა დადგენილია. კითხვაზე, თუ ვინ არის მეორე პირი, პასუხს თავი აარიდა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ვიდეო, რომელიც YouTube-ში გავრცელდა, ბულგარელმა ჟურნალისტ-გამომძიებელმა ხრისტო გროზევმა შეისწავლა. იმ მამაკაცის გამოსახულება, რომელიც მეორე პირს ჩანთას გადასცემს, მან სერვისის Microsoft Azure-ის მეშვეობით გააანალიზა. პროგრამამ დაადასტურა, რომ ჩანაწერში და ბელგრადში რუსეთის საელჩოს საიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ფოტოებზე ერთი და იგივე ადამიანია-გეორგი კლებანი. სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა რადიო “თავისუფალ ევროპას”, რომ კლებანი ბელგრადში რუსეთის სამხედრო ატაშეს მოადგილედ მუშაობდა, მაგრამ სამსახურიდან 2019 წლის ივნისში დაითხოვეს. გროზევმა თავის „ტვიტერში“ დაწერა, რომ კლებანის საცხოვრებელი მისამართი მოსკოვში “ГРУ“-ს აკადემიის მისამართს ემთხვევა, ხოლო მისი მეუღლის საცხოვრებელი ადგილი იმ სპეცნაზის ბაზაზე მდებარე საერთო საცხოვრებელია, სადაც განთავსებულია “გრუ“-ს საწვრთნელი პოლიგონი ჩასანერგი ჯაშუშებისთვის. აღსანიშნავია, რომ წელს, ხრისტო გროზევმა ევროპული პრესის კონკურსის მთავარი პრემია კატეგორიაში “ჟურნალისტური გამოძიებები“ მიიღო. ის იმ პუბლიკაციისთვის დააჯილდოვეს, რომლითაც სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულების ანატოლი ჩეპიგას და ალექსანდრე მიშკინის გამოვლენა მოხდა. ჟურნალისტი-გამომძიებელი გროზევი აღნიშნავს, რომ კლებანი სერბეთში 2016 – 2019 წლებში იმყოფებოდა, როგორც ჩანს მისი წასვლა ქვეყნიდან მოულოდნელი და დაუგეგმავი იყო. აი რას წერს ახლა გროზევი-„მე მისი შვილის გვერდი ვიპოვე სოციალურ ქსელებში. ამ წლის აგვისტოში მას სერბი მეგობრები მიმართავდნენ კითხვით: „როდის დაბრუნდები ბელგრადში?“ მან სერბულად უპასუხა-„ვშიშობ, რომ არასდროს“;
ამას გარდა, კლებანის შესახებ უტყუარი ინფორმაცია წამყვანმა სერბულმა გაზეთმა “Blic” შეაგროვა. გაზეთის თანამშრომლებმა ვიდეო კადრების და ფოტოების ნუსხა მოაგროვეს, სადაც გეორგი კლებანი, რუსეთის სამხედრო ატაშეს მოადგილის რანგში, სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობდა. ერთ-ერთ მათგანში, იგი სამამულო ომში დაღუპულებს პატივს მიაგებდა და 9 მაისს, მემორიალთან ყვავილები მიიტანა. ეს ვიდეო, 2018 წელს, ბელგრადის ახლოს ზემუნის მუნიციპალიტეტში ყოფილა გადაღებული.

როგორც ჩანს, YouTube-ზე გასაჯაროებული ვიდეო სწორედ იმ პერიოდშია გადაღებული, როდესაც კლებანი სერბეთში იმყოფებოდა და აქტიურად “საქმიანობდა“.

რა რეაქცია ჰქონდა სერბეთის ხელისუფლებას და როგორია კრემლის პასუხი

თუ რამდენად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა სერბეთის ხელისუფლება, ამაზე ქვეყნის პირველი პირების მოქმედებები მეტყველებს-ვიდეოს გასაჯაროებიდან რამდენიმე დღეში, სერბეთის პრეზიდენტმა, ვუჩიჩმა რუსეთის ელჩი ოფიციალური ვიზიტით მიიღო, თუმცა მათი საუბრის დეტალები უცნობია. ამავე დროს, სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ნებოიშა სტეფანოვიჩი მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელ ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა- ოფიციალურად უცნობია ეხებოდა თუ არა მათი საუბარი რუსი ჯაშუშების თავგასულობას სერბეთში. სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ უკვე შეხვდა პრეზიდენტ ვუჩიჩს ამ ინციდენტის განხილვის მიზნით. „თუ კი ეს ყველაფერი მართალია, მაშინ ეს სერიოზული პრობლემაა“,-განაცხადა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ კრემლის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ იმედია აქვს, ინფორმაცია “ГРУ“-ს თანამშრომლების მიერ სერბეთის ოფიცრების შესაძლო გადაბირების შესახებ, არ გააფუჭებს მოსკოვსა და ბელგრადს შორის სიახლოვეს. პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ბელგრადს შორის ურთიერთობები იმდენად „პარტნიორული, ძმური, მოკავშირულია“, რომ მათზე ვერაფერი იმოქმედებს. იგივე და ძალიან ამაყი გამომეტყველებით გაიმეორა მარია ზახაროვამაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ სჭირდებათ იმ ვიდეო ჩანაწერის ნამდვილობის უტყუარი მტკიცებულებები, რომელშიც თითქოს და „მზვერავის“ მიერ ფულის გადაცემაა აღბეჭდილი.
ბალკანური მედია იუწყება, რომ სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში დელიკატური ბალანსის დაცვას ცდილობს, რა კი ინარჩუნებს სურვილს შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატოს, მაგრამ ამავე დროს შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან. სერბეთს აქვს ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იმ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან, რომელიც მოსკოვის მიერ არის შექმნილი. ასევე, მოსკოვი უარს ამბობს კოსოვოს აღიარებაზე და თანაც სერბეთს სამხედრო შეიარაღების, იაფი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. თუმცა, ამავე დროს, პრეზიდენტი ვუჩიჩი მუდამ ამბობს, რომ სერბეთის მომავალი ევროპაშია. შარშან მან “გარდიანს“ შემდეგი უთხრა-„ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან და არ გვაქვს მასთან პრობლემები, მაგრამ ჩვენ ვიმყოფებით ჩვენს გზაზე ევროკავშირისკენ“.
2019 წლის იანვარში პრეზიდენტი ვუჩიჩი ძალიან თბილად და ხელგაშლილად შეხვდა პუტინს ბელგრადში, სამახსოვროდ საყვარელი ლეკვი აჩუქა. ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ვუჩიჩმა სიმბოლურად დაასრულეს იესო ქრისტეს მოზაიკის სამუშაოები, რომელიც ბელგრადში წმინდა სავას ტაძარში უნდა განთავსებულიყო. ახლა რა სიმბოლურად და ცინიკურად ჟღერს რუსეთის პრეზიდენტის მაშინ ნათქვამი სიტყვები-„ასეთ რამეს ჩვენ ანგარების გარეშე ვაკეთებთ“-ო!

მართალია, პუტინი სერბული ტაძრისთვის იესო ქრისტეს მოზაიკას “უანგაროდ” ალამაზებდა, მაგრამ რეალურად მისი ხელისუფლება იმდენად ანგარებიანად, უპატივცემულოდ და მავნებლურად ექცევა პარტნიორ ქვეყნებს, რომ ამაზე მეტი წარმოუდგენელიც კია. გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ “ГРУ“-მ სწორედ სერბეთი და სერბეთის მოქალაქეები გამოიყენა 2016 წელს, მეზობელ მონტენეგროში მთავრობის დამხობის ორგანიზებისთვის. რუსეთის დაზვერვის ოფიცრებმა სერბი ნაციონალისტები გადაიბირეს, ბელგრადში ჯაშუშურ შეხვედრებს ატარებდნენ და იქიდან გეგმავდნენ მონტენეგროში, არჩევნების დღეს პარლამენტში შეჭრას, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრის ლიკვიდაციას და ქვეყანაში აჯანყების მოწყობას. საბედნიეროდ, ეს სასტიკი და დანაშაულებრივი გეგმა გაიშიფრა, ჩავარდა, შეიარაღებული ჯგუფის წევრები დააპატიმრეს. რუსი ჯაშუშები დაუსწრებლად გაასამართლეს. მონტენეგროს სპეციალური პროკურატურის დასკვნით, სახელმწიფო გადატრიალების მიზანი ნატო-ში ამ ქვეყნის გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა იყო.
რუსეთის ხელისუფლების თავგასულობაზე მეტყველებს კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც სულ რაღაც 1 თვის წინ დაფიქსირდა. ოქტომბერში, ბულგარეთის სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ სოფიაში მოქმედი რუსეთის ფედერაციის საელჩოს პირველი მდივანი “გრუ”-ს ფარული ოფიცერია და ის არის მოქმედი ჯაშუში. ვლადიმერ რუსიაევი ბულგარეთის მთავრობის წევრების გადაბირებას ცდილობდა. რუსი ჯაშუში მათ სახელმწიფო საიდუმლოებების, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის, ნატოს თუ სხვა ქვეყნების შესახებ გასაიდუმლოებული ინფორმაციის მოწოდებას ითხოვდა.
ასე რომ, რამდენიც არ უნდა აჩუქონ პუტინს ლეკვები თუ პითონები, ახატვინონ ხატები თუ უმღერონ დითირამბები, მისი ტაქტიკა და განზრახვები არ შეიცვლება; რუსეთის დაპირებების, პარტნიორული შეთანხმებების თუ ჩარჩო ხელშეკრულებების ნდობა არ შეიძლება, კრემლი ყოველთვის დააყენებს სხვის უსაფრთხოებას თუ კეთილდღეობას საფრთხის წინაშე, რათა საკუთარი ინტერესი დაიკმაყოფილოს. ის მუდამ ეცდება გააძლიეროს თავისი გავლენები და სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში უხეში ჩარევაც არ ეთაკილება.

 

ლევან გვანცელაძე

წყარო: ახალი თაობა 

კომენტარები

კომენტარი