ნინო ნადირაძე-კუზანოვა: მხარს ვუჭერ ჯანდაცვის სამინისტროს წამოწყებას, ტარიფები ყველა მიმართულებით უნდა გადაიხედოს
ეს გაჭირვებული ქვეყანაა და არ აქვთ ადამიანებს დამატებით თანხების გადახდის საშუალება. ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ უფრო უნდა დახვეწოს ტარიფები, რომ ჩვენ, კლინიკებს, გვქონდეს იმის საშუალება, ხარისხიანი მომსახურება გავუწიოთ პაციენტებს და დავინდოთ მათი ჯიბე,- ამის შესახებ კარდიოლოგი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
მისი თქმით, ტარიფები ყველა მიმართულებით უნდა გადაიხედოს.
“მე პირადად მხარს ვუჭერ ჯანდაცვის სამინისტროს ამ წამოწყებას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს მიხედოს იმ ლაფსუსებს, რაც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამამ გამოავლინა და ვირული სიჯიუტით არ ამბობს, რომ ყველაფერი სწორად და კარგად იყო გაკეთებული. ვფიქრობ, რომ ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს ტარიფების გადახედვა და ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს პაციენტის ჯანმრთელობაზე და მის კეთილდღეობაზე მორგებული სისტემის შექმნა. ეს გაჭირვებული ქვეყანაა და არ აქვთ ადამიანებს კიდევ ზემოდან დამატებით თანხების გადახდის საშუალება, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ უფრო უნდა დახვეწოს ტარიფები, რომ ჩვენ, კლინიკებს, გვქონდეს იმის საშუალება, რომ ხარისხიანი მომსახურება გავუწიოთ პაციენტებს და დავინდოთ მათი ჯიბე. მე, როგორც რიგითი ექიმი, და ასევე კლინიკის ხელმძღვანელი, მართალია ყველაფერი ამ დადგენილებაში არ მომწონს, მაგრამ სუფთა სახელმწიფოებრივი კუთხით აბსოლუტურად ზუსტად ვხვდები, რომ ეს დადგენილება უნდა მიეღოთ და ეს იყო გარდაუვალი. შეიცავს რაღაც ხარვეზებს, რომელიც დახვეწადია. ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა შემოიღოს ფასების რეგულაცია, გაამკაცრონ სალიცენზიო პირობები კლინიკების გახსნასთან დაკავშირებით“, – ამბობს ნინო კუზანოვა ვიდეომიმართვაში.