ვინ არის ზუგდიდში ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ბერი – დამატებითი დეტალები

ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ბერმონაზონი ათონის მთაზე მოღვაწე 32 წლის მამა სვიმონ ქავთარაძეა, რომელიც 14 წელია სასულიერო პირია. ის დეკანოზ გიორგი ქავთარაძის ძმაა. ამასთან გავრცელებული ინფორმაციით, ის არის, მეუფე გერასიმესთან დაახლოებული პირი.

მამა სვიმონ ქავთარაძეს ბრალს ზუგდიდში დღეს წაუყენებენ. 32 წლის ბერმონაზონი პოლიციას გუშინ თვითონ ჩაბარდა. გავრცელებული ინფორმაციით ორი დღის წინ ბერი და მისი თანხმლები პირი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს და ნარკოტიკული საშუალება, 14,5 გრამი მეტადონი ამოიღეს, თუმცა პასუხისმგებლობა მეორე პირმა აიღო და ბერი გაათავისუფლეს.

ბრალდებულის ადვოკატის, ჯიტა გულუას თქმით, ბერმა წუხელ აღიარა, რომ ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნის მას და არა მის თანხმლებ პირს. მიმალვის საფრთხის არსებობიდან გამომდინარე სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით საქმეში ბერმონაზონის მამაც ფიგურირებდა, რომელიც დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. ამ ვერსიაზე კომენტარი საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. მისი თქმით, საპატრიარქო სამართალდამცავი ორგანოების დასკვნას დაელოდება.

“მე ვიცოდი, რომ სასულიერო პირის მამა იყო დაკავებული, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს სასულიერო პირი დააკავეს, რომელიც შემდეგ შსს-მ უარყო. სინამდვილე იყო, რომ სასულიერო პირი კი არა მამა იყო დაკავებული. ამანათი მიიღო, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა. საპატრიარქო დაელოდება ალბათ, რეალურად რა დასკვნას გააკეთებს სამართალდამცავი ორგანოები. შეიძლება ტყუილად ედავებოდნენ, მართალი იყოს. ნაჩქარევად, წინასწარ ჩვენ არ გვაქვს საშუალება მაგ კუთხით რამე გამოძიება ვაწარმოოთ”,- განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნულთან დაკავშირებით ზუგდიდის ეპარქიაში სასულიერო პირების შეხვედრა უნდა გაიმართოს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი რ. მ. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები