WSJ: ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის, გერმანიამ რუსეთს, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, შესაძლოა, დიპლომატიური ან სხვა სახის სანქციები დაუწესოს რუსეთს, თუ დადასტურდა, რომ ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სახელმწიფოსთან არის კავშირში.
ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი დარტყმის ქვეშ დააყენებს ენერგეტიკის სფეროში ბერლინისა და მოსკოვის მჭიდრო პარტნიორობას.
გაზეთს გერმანიის პროკურატურაში წყარომ განუცხადა, რომ გამომძიებლები ეჭვმიტანილთან დაკავშირებით ჩამოყალიბდნენ და ის შესაძლოა, რუსეთთან იყოს კავშირში.
WSJ-ის ინფორმაციით, საქმე ფედერალურ პროკურორს გადაეცემა, რომელიც ისეთ საქმეებს იძიებს, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოაბიტის რაიონში მოკლეს. თავდამსხმელი მას ველოსიპედით მიუახლოვდა და მაყუჩიანი პისტოლეტით თავში ესროლა, ამის შემდეგ, კი მიმალვა სცადა.
დაკავებული 49 წლის ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.