გიორგი ვოლსკი: ბურჯანაძე მოსკოვშია, ის რაღაც ლიბერალური, რადიკალური ფრთა არის, რომელსაც ქართული ფასეულობები არაფრად მიაჩნია
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ბურჯანაძე ლიბერალური, რადიკალური ფრთა არის, რომელსაც ქართული ფასეულობები არაფრად მიაჩნია.
“ბურჯანაძე მოსკოვშია, ის რაღაცა ლიბერალური, რადიკალური ფრთა არის, რომელსაც ქართული ფასეულობები არაფრად მიაჩნია. აქეთ სადისტების წარმომადგენლები არიან, რომლებმაც ადამიანები აწამეს და სიცოცხლეს გამოასალმეს და ამათ, ყველას ერთად უნდათ ისეთი სისტემა შექმნან, რომ “ქართულ ოცნებას”, და არათუ “ქართულ ოცნებას”, არამედ თავის თავსაც არ მისცენ შესაძლებლობა, რომ საქართველოში სტაბილურობა შეინარჩუნონ. ეს მავნებლური მგონია. რაც შეეხება ბურჯანაძის პოზიციას, თავისი პოზიციაზე თვითონ ისაუბროს”,- განაცხადა ვოლსკიმ.
“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტით გაემგზავრა. როგორც “კვირას“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავს შეხვედრებს, ასევე შეხვდება პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს.