ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ე.წ. სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო.
გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი იმედოვნებს, რომ მის მეუღლეს ჯარიმის დაკისრების შემდეგ გამოუშვებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავენ.
“დღესაც ველოდები, ხვალაც ველოდები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია. იმედია გადაწყდება, რომ სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას და შემდეგ გამოშვებას, იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება. ვფიქრობ, უფრო უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა და მოვითხოვოთ ადამიანის უფლებების დაცვა. იმედია, მივიღებთ შედეგს ძალიან სწრაფად, თუ არადა, შემდეგ სხვა ეტაპზე გადავალთ არა თხოვნით, არამედ რადიკალური მოთხოვნით,” – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.