ირაკლი კობახიძე: საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას და დისკუსიას

ჩვენ ვაგრძელებთ დისკუსიას, მსჯელობას საარჩევნო რეფორმასთან მიმართებაში და აღნიშნული კონფერენცია კარგ საშუალებას იძლევა გავეცნოთ ევროპულ გამოცდილებას და მათი გათვალისწინებით ჩვენი კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გავხადოთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციაზე განაცხადა.

კონფერენცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ორგანიზებით იმართება. საარჩევნო თემატიკის საკითხებზე გამართულ ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს და საარჩევნო საკითხების ექსპერტებს, საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

“რეფორმების დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო აღიარებულია ლიდერ ქვეყანად. ჩვენი ხელისუფლება რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს და 2012 წლის შემდეგ ჩვენ ბევრი მიდგომა და პრაქტიკა შევცვალეთ. ჩვენ დავნერგეთ სამართლიანი არჩვენების პრაქტიკა და თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული პრაქტიკის შენარჩუნება. 2017 წელს ჩვენ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები განვახორციელეთ, რომლის შედეგადაც პირველად საქართველოში 2020 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება. ამჯერად აქტიურად ვმუშაობთ საარჩევნო რეფორმაზე, რომლებიც ეუთოს/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი ეუთო/ოდირიდან, რომელიც 27 რეკომენდაციას მოიცავს. აღნიშნული რეკომენდაციები უკავშირდება კანონმდებლობის შეცვლას და გარდა ამისა პრაქტიკის გაუმჯობესებას. ამისთვის ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი რამდენიმე ძალზე საინტერესო შეხვედრაც გავმართეთ. აღნიშნული რეკომენდაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენებას შეეხება. დღეს დღეობით აღნიშნული საკითხი რეგულირებულია და საკმაოდ მკაცრი რეგულაცია გვაქვს საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით. მაგრამ ისევ და ისევ რჩება გამოწვევები, ამიტომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა და ახალი ცვლილებები შევიტანოთ საარჩევნო კანონმდებლობაში. აღსანიშნავია, რომ 2012 წლამდე საჯარო მოხელე მონოპოლიზირებული იყო მმართველი პარტიის მიერ, რაც ამ ეტაპზე შეცვლილია უკვე. ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა შეზღუდვას, რომელიც სოციალურ ქსელში აქტივობას უკავშირდება. საჯარო მოხელეები ძალზედ აქტიური მომხმარებლები არიან და იწონებენ და აზიარებენ პოლიტიკური შინაარსის პოსტებს. მართალია ეს პირდაპირ არ მოქმედებს არჩვენებზე, მაგრამ მაინც მისი შეზღუდვის საკითხიც განიხილება. იყო კიდევ ერთი მოთხოვნა, რომ ყოფილიყო უფრო მკაცრი რეგულაცია საარჩვენო კამპანიაში მინისტრების და მინისტრების მოადგილეების მონაწილეობაზე. რა თქმა უნდა, არ შეიძლება მათი ადმინისტრაციულ რესურსად განხილვა, რადგან ისინი უფრო პოლიტიკურ რესურს წარმოადგენენ და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ისინი პირდაპირ იღებენ მონაწილეობას კამპანიაში. ჩვენ ვაგრძელებთ დისკუსიას, მსჯელობას საარჩევნო რეფორმასთან მიმართებაში და აღნიშნული კონფერენცია კარგ საშუალებას იძლევა გავეცნოთ ევროპულ გამოცდილებას და მათი გათვალისწინებით ჩვენი კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გავხადოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციაზე, რომლის მეორე სესია თემაზე – „საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალჯერადი შემთხვევები: პრაქტიკული ასპექტები” ჩატარდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, ანდრეი ჰუნკომ და ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრმა, რიჩარდ ბარეტიმ მოხსენებები წარმოადგინეს და გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია მუშაობას ხვალ მესამე სესიაზე – „საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება და მასთან ბრძოლის” საკითხების განხილვით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები