ამირან სალუქვაძე: ოპოზიციის სტრატეგია არაფრის მომტანია, მეტიც, სტრატეგიას საერთოდ ვერ ვხედავ

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გუშინ გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შეხვედრაზე ხელისუფლებამ პროპორციული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის განხილვაზე უარი განაცხადა.

სალუქვაძის თქმით, ოპოზიციის სტრატეგია არაფრის მომტანია.

“1. ერთი შეხვედრა რომ არაფერს მოიტანდა, ამაზე ყველა თანხმდება.

2. რომ ჩააცივდით ამ ე.წ. გერმანულ მოდელს და მხოლოდ ამ იდეით მიხვედით, ხომ იცოდით რა პასუხიც იქნებოდა?

3. წინასწარ, შეხვედრის წინ მუქარებით ან შეურაცხყოფებით რომ შედიხართ, კარგ ფონს ქმნის?

4. რატომ არ მოამზადა ოპოზიციამ სხვა ვარიანტები, რომლებზეც შესაძლებელი იქნება მაჟორიტართა დაყოლიება, მაგალითად 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარი, რასაც “ქართულ ოცნებამდე” გვპირდებოდნენ და გადაგვაგდეს? თუ ე.წ. უსუფაშვილ-გერმანული მოდელის მთავარი მუღამი ოლქების გამსხვილებაა, 100/50-ზე პროპორციაც ხომ იგივეა?

5. პასუხი, რომ მოქმედი მოდელი წინა მთავრობამ კი მიიღო, მაგრამ ახლა წინ წავედით და უნდა შევცვალოთ, არ ჭრის. უნდა თქვათ, რომ შეგნებულად დაამახინჯეთ და უნდა თქვათ რა მიზნით.

6. მე, ერთ მოქალაქეს, სანამ პარტიები არ გადახალისდება, სანამ მათ საფუძვლად იდეოლოფგია არ ექნებათ, არც ბარიერით, არც უბარიეროდ, პროპორციული სისტემა არ მომწონს.

7. შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები ასევე არ ქმნის ფონს მეორე შეხვედრის წარმატებით ჩასატარებლად. მუქარები, რომ გაგრძელდება აქციები და წნეხი, ხედავს ხალხი ამ “წნეხს”, სირბილს, შეურაცხყოფებს. დაიწყებენ ოცნების აქტივისტები იგივეს მოწყობას, მივარდნებს და ა.შ. რას მოიტანს ეს?

8. საპროტესტო აქციების მოძრაობების (სახელებს არ ჩამოვთვლი) პოლიტიკურ მოლაპარაკებებში შემოყვანის მცდელობა, რასაც დღეს მედია და პოლიტიკოსები ცდილობდნენ, არის ასევე წარუმატებლობის გარანტი, რადგან ზუსტად ამ აქციების მარგინალიზაციამ (გინებები, მიუღებელი ზოგიერთი აქტივისტი და ა.შ.) დაგაკარგვინათ მოსახლეობის მხარდაჭერა. ან ვის სჯერა, რომ მათ უკან პარტია არ დგას?აქტივისტები ამბობენ ჩვენ ვწყვიტავთო, ამ დროს ლიდერები ამბობენ აქციები გაგრძელდებაო. ხალხი ხომ ისმენს ამ ყველაფერს?!

9. მოკლედ, როგორც მანამდე, ახლაც, ოპოზიციის სტრატეგია არაფრის მომტანია, მეტიც, სტრატეგიას საერთოდ ვერ ვხედავ. ამიტომ ვწერდი და ვამბობდი თავშივე, რომ არასწორი სტრატეგია აირჩიეს, როცა ქუჩის აქციები და რადიკალიზაცია დაიწყეს მეთქი. გაცილებით მეტი ეფექტი ექნებოდა საპარლამენტო ფორმატში სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებს, საერთაშორისო პარტნიორებთან აქტივობები და მათი მეშვეობით ხელისუფლებაზე ზეწოლა და სხვა.
ახლა ეს ყველაფერი უკვე გვიანია.

10. კიდევ ერთი, ამ პროცესებმა, ჩავარდნილმა საპროტესტო აქციებმა ისიც დაგვანახა, რომ არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობა არ ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებმაც ხმა მისცეს კონკრეტულ პარტიებსა თუ ლიდერებს, 100%-ით ამ პარტიების ან ლიდერების მომხრეებია. უბრალოდ, ადამიანები დადიან არჩევნებზე და ბიულეტენში მითითებული სიის მიხედვით აკეთებენ არჩევანს. აქედან ნაწილი მომხრეა, ნაწილი ირჩევს იქედან, რა არჩევანიც აქვს.

11 ახლახანს, შუალედურ არჩევნებზე.ადიგენში, ლაგოდეხსა და მარტვილში, ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა მოკავშირე პარტიებმა კანდიდატები არ დააყენეს. როცა ვიკითხე რატომ მეთქი, რა აზრი აქვსო? როგორ არ აქვს აზრი, როცა ერთ ოლქში ერთი დეპუტატი იყო ასარჩევი, შეკრულიყო მთელი ოპოზიცია და, თუ რეიტინგის იმედი ჰქონდათ, მოეგოთ ოცნებისთვის. ეს ხომ 2020-ის წინასაარჩევნო სამზადისიც იქნებოდა? თუ მოგების იმედი არ იყო? თუ მოგების იმედი არ გქონდათ და კანდიდატები არ დააყენეთ, რა მნიშვნელობა აქვს რომელი მოდელით წააგებთ? ჰოდა, როდის გითხარით ყველას ნუ ძალადობთ ამომრჩეველთან, გადაახალისეთ პარტიები, ჩამოაშორეთ მიუღებელი სახეები და შემოიყვანეთ ახალი, ოღონდ სოლიდური ხალხი, განათლებით, სამუშაო გამოცდილებით და ა.შ. თუ არ გააკეთებთ, ნახავთ 2020-ის შედეგებს. გადახალისება მმართველ პარტიასაც ეხება.

12. ასევე საინტერესოა რომელ პარტიას რამდენი წვერი ჰყავს. წესით, როცა პარტია აქციას ატარებს და თავის მომხრეებს ეძახის, აფრთხილებს დიდი ხნით ადრე, წევრები მაინც უნდა მივიდნენ. მაგალითად, პატრიოტებს დღეს შესწევს უნარი, ბათუმში იქნება თუ თბილისში, დაუძახოს თავის წევრებს, მომხრეებს, აქტივისტებს და შეკრიბოს ისინი. რამდენ პარტიას აქვს იგივე შესაძლებლობები? ამიტომაა საჭირო პარტიების რეგისტრაციის კანონის შეცვლა და ხელახალი რეგისტრაცია უკვე ახალი კანონის მიხედვით პრინციპით – ერთი მოქალაქის ხმა მხოლოდ ერთ პარტიას”,- წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები