“ევროპული საქართველოს” ორმა დეპუტატმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დატოვა
“ევროპული საქართველოს” ზუგდიდელმა დეპუტატებმა, ლელა ქებურიამ და ლაშა დამენიამ საკანონმდებლო ორგანოში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დატოვეს. შესაბამისი განცხადებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტს მიმართეს.
დეპუტატ ლელა ქებურიას განცხადებით, განათლების კომიტეტში რჩება, თუმცა ფორმალურად, რადგან ამას კანონი ავალდებულებს.
„კანონი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელიმე ერთ კომიტეტში არ ვიყოთ, რისი დატოვების უფლება გვქონდა დავტოვეთ. ესაა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი. მიზეზებს რაც შეეხება, ჩვენ ვცდილობთ, რაც არის ჩვენს ხელში ბერკეტი, რომ რაღაც რუტინული საკითხების განხილვას დრო არ დავუთმოთ. განთლების კომიტეტში ვრჩები, თუმცა ფორმალურად, რადგან კომიტეტის სხდომებს არ ვესწრები“, – განაცხადა ლელა ქებურიამ.