კახა კალაძემ სხდომაზე გამონაბოლქვიანი მიკროავტობუსის ფოტო წარმოადგინა – “ჩემთვის, როგორც მერისთვის მიუღებელია ამას ვუყურო”

ჩემთვის როგორც დედაქალაქის მერისთვის მიუღებელია გამონაბოლქვიან მიკროავტობუსებს ვუყურო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და თვალსაჩინოებისთვის თბილისში მოძრავი სამარშრუტო ტაქსის ფოტო წარმოადგინა, რომელსაც შავი გამონაბოლქვი აქვს.

კალაძემ ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს პრობლემის მოგვარება დაავალა.

“დღეს გვაქვს პრობლემა ავტობუსების მდგომარეობა, რომელიც მართლაც ვერ უძლებს კრიტიკას და საზოგადოების მხრიდან შეიძლება წყენაც და მითითება იმაზე თუ როდის მოხდება ამ ავტობუსების ჩანაცვლება მე ვფიქრობ არის ლეგიტიმური. არ უნდა გვეწყინოს, როდესაც საზოგადოება გამოთქვამს უკმაყოფილებას ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის მიუღებელია გამონაბოლქვიანი მიკროავტობუსების ხილვა, როდესაც ჩვენ მთლიანად დაწყებული გვაქვს ავტო პარკების მთლიანი განახლება და ჩანაცვლება. როდესაც, ასეთი სამარშუტო საშუალებები დადის, ზოგს საერთოდ ძირი აქვს გავარდნილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ მე არ ვაპირებ კიდევ რამდენიმე წელი ლოდინს, თუ როდის მოხდება მათი ჩანაცვლება-განახლება. მინდა დავავალო ვიცე მერს, რაც შეიძლება სწრაფად, ორი კვირის განმავლობაში იქონიოს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის კომპანიასთან. დაიწყეთ მოლაპარაკება, რაც  შეიძლება სწრაფად დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი. ჩემთვის, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ  მოახერხოს კომფორტულად გადაადგილება ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე. ორ კვირაში წარმოადგინეთ კონკრეტული გეგმა იმის შესახებ, რომ 2020 წლიდან დაიწყოს ჩანაცვლების პროცესი”, – განმარტა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები