იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყება. საბჭო ორი დღის განმავლობაში სამ კანდიდატს გაესაუბრება.

დღეს გასაუბრების პროცესს ლევან თევზაძე და თამარ ოქროპირიძე გაივლიან.

ლევან თევზაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე და საბჭოს ყოფილი წევრია. ის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში ერთხელ უკვე მონაწილეობდა და მან საკუთარი კანდიდატურა კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა. მიზეზად ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები დაასახელა. თევზაძემ უმაღლეს ისტანციაში მოსახვედრად განაცხადი მეორედ შეიტანა.

რაც შეეხება მეორე კანდიდატს, თამარ ოქროპირიძეს, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადოდ გამწესებული მოსამართლეა. მან უმაღლეს ისტანციაში მოხვედრის სურვილი ერთხელ უკვე გამოთქვა, თუმცა კონკურსს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეს ვასილ როინიშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება, რის გამოც საბჭო ვალდებული იყო, უფლებამოსილების ამოწურვამდე სამი თვით ადრე ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოაცხადებინა. როინიშვილი თავადაც არის კონკურსანტებს შორის და ის გასაუბრებას 28 ნოემბერს გაივლის.

გასაუბრება საბჭოში 10:00 საათზე გაიმართება, რომლის შემდეგაც, 13:00 საათზე საბჭოს სხდომაც არის ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები