ირმა ინაშვილი: მოვითხოვთ, დაისაჯონ დამნაშავეები და დამთავრდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური სპექტაკლები

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მიმოიხილა.

როგორც მან განაცხადა, მიმდინარე პროცესებში ისინი მარტო და დამოუკიდებლად არიან ჩართულები.
„რომის იმპერია იყენებდა მართვის შემდეგ სქემას: პირველი – ხელისუფლება ოპონენტად მუდმივად ინარჩუნებს ყველასთვის ცნობილ ბოროტ ძალას, ჩვენ შემთხვევაში, ასეთია სააკაშვილი და ბოკერია, განზრახ არ სჯის მას და მუდმივად აცოცხლებს ამ ძალას პოლიტიკურ სივრცეში; მეორე – ყოველთვის, როცა ხელისუფლება ხალხს ატყუებს და სჩადის ცუდ საქმეს, რასაც წესიერი, რიგითი ადამიანების აღშფოთება მოსდევს, ხელისუფლება უმალ ამხედრებს ამ ბოროტ ძალას, ჩვენ შემთხვევაში სააკაშვილს და ბოკერიას; მესამე – ხელისუფლება ყველანაირ საშუალებას აძლევს ბოროტებს, დაანთონ კოცონები, შექმნან რევოლუციის ილუზია, რომლის მოწყობაც სინამდვილეში მათ არ ძალუძთ; მეოთხე – ამ ყველაფრის შემყურე წესიერ ხალხს ავიწყდება, რომ ხელისუფლებამ ისინი კვლავ მოატყუა, ცუდი საქმე ჩაიდინა, ხალხი ამაზე აღარ და ვეღარ ფიქრობს, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ბოროტებმა რევოლუცია არ მოაწყონ; არის მეხუთე პუნქტი – ამის შემდეგ ხელისუფლება ჰუმანურად შლის ბოროტებს, ათავისუფლებს რუსთაველის პროსპექტს, ხალხს უხარია, რომ რევოლუცია თავიდან ავიცილეთ და ყველას ავიწყდება ის ტყუილი და ცუდი საქმე, რაც მანამდე ხელისუფლებამ ჩაიდინა, მაგალითად, როგორ მოგვატყუა არჩევნების თემაზე. ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხი, ხდება ხელისუფლების დამცველი.
​ამ რეჟიმში გვაცხოვრებენ ჩვენ მთელი შვიდი წლის განმავლობაში. თითქოს, ერთმანეთს ებრძვიან და ამ დროს ერთმანეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არიან. ჩვენ, საქართველოს „პატრიოტთა ალიანსი“ ვამბობთ, მიმდინარე საპროტესტო აქციების პროცესში, ვმოქმედებთ მარტო და დამოუკიდებლად. ჩვენ ბოროტებთან არანაირ შეთანხმებას არ ვაპირებთ, სამართლიანობა ბოროტებთან შეთანხმებით ვერ მიიღწევა. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, დროის უმოკლეს ვადებში, მყისიერად შეიცვლება საარჩევნო სისტემა. არჩევნები გახდება სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
​მისი თქმით, “პატრიოტთა ალიანსის” მოთხოვნაა, რომ დაისაჯონ დამნაშავეები და ქვეყანაში პოლიტიკური სპექტაკლები დამთავრდეს.
„საპროტესტო აქციების რეჟიმზე ვართ გადასული, ასევე გადავედით საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირების რეჟიმზე. ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. 30 ნოემბერს, შაბათს, 18:00 საათზე, ვიკრიბებით თბილისში, სპორტის სასახლეში. ჩვენ მოვითხოვთ, დაისაჯონ დამნაშავეები, დამთავრდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური სპექტაკლები. არსებობს ყოფილი პროკურორის მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის საჯარო განცხადებები, რომ წინა რეჟიმის მთავარ ფიგურანტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისთვის ყველა მტკიცებულება არსებობს. მინდა, „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მოვუწოდო, დაამთავრეთ ეს პოლიტიკური სპექტაკლები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები