გეგმავს თუ არა ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას – ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის კომენტარი
ვაჟა გაფრინდაშვილი დაკავების მომენტში არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და აგრესიულად იქცეოდა, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე პლიევმა მოსკოვში ფედერაციის საბჭოსა და ე.წ. პარლამენტის თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„გაფრინდაშვილი არა როგორც ექიმი შემოვიდა. მან საზღვარი არაფხიზელ მდგომარეობაში გადაკვეთა, აგრესიულად იქცეოდა, ჩვენს ხელისუფლებას არ აღიარებდა. სასამართლოზეც ღია ტექსტით თქვა, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას არ აღიარებს, რომ ის არალეგიტიმურია. მოსამართლემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, ამიტომ მას ჯარიმის ნაცვლად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს“, – თქვა პლიევმა.
შეკითხვაზე, პატიმრობის ორთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ რა ბედი ეწევა ქართველ ექიმს, პლიევმა თქვა, „ვნახოთ, გავერკვევით“. მისივე თქმით, დაკავების დროს გაფრინდაშვილისთვის “არავის თითიც არ დაუკარებია და ის თავს კარგად გრძნობს”.
ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს, 15 ნოემბერს კი მას, ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის ორთვიანი ე.წ. პატიმრობა შეუფარდეს.