აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ირანმა იპოვეს გზა, რომლითაც ჰორმუზის სრუტის მუდმივ გახსნილობას უზრუნველყოფენ.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბიურგენშტოკში ირანის დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ შვეიცარიიდან გამგზავრებამდე განუცხადა.
„ჩვენ შევქმენით მექანიზმი იმის უზრუნველსაყოფად, რომ არა მხოლოდ ჰორმუზის სრუტე გაიხსნას, არამედ ის ღიად დარჩეს“, – თქვა ვენსმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ დაახლოებით 15 მილიონი ბარელი ნავთობი უკვე გადაიზიდა სრუტის გავლით და გამოთქვა მოსაზრება, რომ გლობალურ საწვავის ბაზრებზე ფასები დაეცემა.
მისი თქმით, ასევე შეიქმნა მექანიზმი რეგიონული ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებისა და პოტენციური კონფლიქტების კონტროლისთვის.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ მოკავშირეებთან – ისრაელიდან დაწყებული სპარსეთის ყურის ქვეყნებით დამთავრებული – რათა უზრუნველვყოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვა. ჩვენ ძალიან კარგი წარმოდგენა გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორ მიდის საქმეები“, – დასძინა ვიცე-პრეზიდენტმა.