სუმა ჩაკრაბარტი: ბოლო 15 წლის განმავლობაში, საქართველომ როგორც რეფორმატორმა, რეკორდი დაამყარა

0

ბოლო 15 წლის განმავლობაში, საქართველომ როგორც რეფორმატორმა, რეკორდი დაამყარა, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი “ფაინენშელ თაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებს.

სტატიის სათაურია – “ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ საყურადღებო რეგიონები აღმოსავლეთ ევროპა და კავკასია არიან”.

როგორც “იბიარდის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ევროპა საბოლოოდ გაერთიანდა და ეკონომიკურად განვითარდა. კედლის დაცემის შემდეგ დიდი ძალისხმევა ჩაიდო პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკონომიკური რეფორმების წარმატებაში.

“თუმცა, ჭკვიანმა ინვესტორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ბლოკის შემდეგ შვილებს, რომლებიც უფრო აღმოსავლეთით მდებარეობენ. 22 ნოემბერს, ლონდონში “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მთავრობების ექვს მეთაურს უმასპინძლებს საინვესტიციო სამიტზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ქვეყნებზე“, – წერს სუმა ჩაკრაბარტი.

“იბიარდის“ პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსმა ქვეყანამ მიიღო “სამეთაურო ეკონომიკის“ ერთნაირი მემკვიდრეობა, თუმცა ამ სახელმწიფოებმა მომავლისთვის განსხვავებული არჩევანი გააკეთეს.

მისი თქმით, ექვსი ქვეყანა განსხვავებულია ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურით, ასევე გეოპოლიტიკური და სავაჭრო ორიენტაციით.

“სამი მათგანი – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, ფსონს დებენ ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ ასოციაციაზე; სომხეთი და ბელარუსი – ევრაზიული კავშირის წევრები არიან. აზერბაიჯანი ბალანსს ინარჩუნებს. დასავლეთთან და ჩრდილოეთთან ერთად, ეკონომიკური ვექტორი ასევე მიემართება სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ: თურქეთი აზერბაიჯანის და საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და თითოეული ეკონომიკის ვაჭრობის 5-10 % ჩინეთზე მოდის“, – წერს ჩაკრაბარტი.

“ტოლსტოის თუ დავესესხებით, ყოველი ამ ქვეყნებიდან ბედნიერია თავისებურად. თუმცა ყველამ აირჩია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში გაერთიანება, რომელიც დღეს წარმოადგენს ექვს ქვეყანას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის მთავარ ფორუმს“, – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც სუმა ჩაკრაბარტი წერს, 10 წლის წინ, აღმოსავლეთ პარტნიორობაში გაწევრიანებით, ექვსმა ქვეყანამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მომავალს გლობალიზებულ მსოფლიოსთან და ევროკავშირის მსგავს საერთაშორისო სამართლის წესებზე დაფუძნებულ სისტემასთან დაკავშირებულს ხედავს.

“ეს ნიშნავს, რომ ისინი უჭერენ მხარს გრძელვადიან რეფორმებს; რეფორმები კი, ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის“, – აღნიშნავს ჩაკრაბარტი, რომელიც დასძენს, რომ ბოლო წლებში რეგიონმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად დიდ პროგრესს მიაღწია. მისი თქმით, „იბიარდი“ როგორც რეგიონის უმსხვილესი ინვესტორი ყველა ამ ქვეყანაში ტრანსფორმაციის თვითმხილველი და ხელშემწყობია.

“ბოლო 15 წლის განმავლობაში, საქართველომ როგორც რეფორმატორმა, რეკორდი დაამყარა“, – აღნიშნავს სუმა ჩაკრაბარტი და განმარტავს, რომ შრომის შედეგად აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება და უვიზო რეჟიმი აქვთ.

“ეს რეფორმები წარმოუდგენელი იყო 10 წლის წინ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი დარჩენილი გამოწვევისა და მოვლენების ზოგჯერ მოულოდნელი განვითარების მიუხედავად, ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი, სუმა ჩაკრაბარტი.

კომენტარები

კომენტარი