ნუკრი ქანთარია: ძალიან ვკანკალებთ ყველანი, ოპოზიციას ბოქლომები მოქალაქეებზე ჰქონდათ დადებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია საპროტესტო აქციებსა და ოპოზიციური პარტიების მიერ სახელმწიფო სტრუქტურების შესასვლელ კარებზე ბოქლომების დადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ბოქლომებში დიდი ფანტაზია არ ჩანს, რადგან მათ ბოქლომები მოქალაქეებზე ჰქონდათ დადებული.

“ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ბოქლომებში დიდი ფანტაზია არ ჩანს, რადგან ბოქლომები დადებული მოქალაქეებზე ჰქონდათ. ოპოზიციას აქციები და სახელმწიფო უწყებებზე ბოქლომების დადება რამდენად წაადგება და ეს მოქალაქეების გონებამდე როგორ მივა, ეს მათი საქმეა. მთავარია, კანონს არ გადაცდნენ. კარგად იცით, რომ ყველას შეუძლია საუბარი ნებისმიერ თემაზე რა ტონალობაშიც უნდათ, სადაც უნდათ, რამდენიც უნდათ, ოღონდ, კანონს არ უნდა გასცდნენ, კანონს თავით არ შეეჯახონ. ძალიან ვკანკალებთ ყველანი, არ ვიცი, რა დაგვემართება, ჯოჯოხეთში რა წარმოუდგენიათ, ეს გასარკვევია. მათთვის როგორია ჯოჯოხეთი?“, – განაცხადა ქანთარიამ.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები რამდენიმე დღეა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომებს ადებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები