ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ქართველ ექიმს მხარდაჭერას საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაშიც“ უცხადებენ

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ექიმი რამონ კუგარტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ითხოვს.

კუგარტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ წერილში,რომელსაც ხელს მისი კოლეგა მონსერატ გარსიაც აწერს ვკითხულობთ:

„ამ მიმართვას ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით ვწერთ.
მას იმ დროიდან ვიცნობთ, როცა ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად ჩამოვიდა. ის კეთილი, გულისხმიერი, პატიოსანი და სამართლიანი ექიმია, რომლის სურვილი დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს იმდენად დიდია, რომ თანაგრძნობასა და პატივისცემას იმსახურებს.
ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური ინტერესების გამო არ წასულა. მისი ერთადერთი მიზანი, როგორც ექიმის პაციენტის მონახულება იყო.
უფლებამოსილ პირებს მივმართავთ, რომ საკითხი სამართლიანად განიხილონ და გთხოვთ, ჩვენი კოლეგა რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოთ, რომ მისი, მისი ოჯახისა და მეგობრების ტანჯვა დასრულდეს.
თუ არსებობს რაიმე, რითიც შეგვიძლია ამ პროცესის დაჩქარებას მშვიდობიანი მეთოდით ხელი შევუწყოთ, გთხოვთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გვაცნობოთ.
გვერწმუნეთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც მას ვიცნობთ, იგი თავისი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ ყოველთვის თავდადებული იყო“.

შეგახსენებთ,რომ ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები