“პიარ კლუბი” საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, სოლიდარობას უცხადებს

0

“პიარ კლუბი” საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებს.

როგორც “პიარ კლუბის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი ფაქტით ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და რეპუტაცია ილახება.

“პიარ კლუბის“ წევრები გამოვხატავთ ჩვენ აღშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ოკუპაციური რეჟიმის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილების და პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გატაცემული იქნა ცნობილი ექიმი – ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი, რითაც უხეშად დაირღვა ყველა საერთაშორისო კონვენცია თუ შეთანხმება.

ვაჟა გაფრინდაშვილს უკვე მიუსაჯეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა ცხინვალის ციხეში, ხოლო წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას არ მიეცა საშუალება ენახა გატაცებული ექიმი და დოკუმენტურად დაეფიქსირებინა მისი არსებული მდგომარეობა.

მიგვაჩნია ის, რომ ცხინვალის ოკუპაციური რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი მოქალაქეების მუდმივი გატაცება და სიცოცხლის ხელყოფა ემსახურება ერთ მიზანს – საქართველოს თითოეული მოქალაქის დემორალიზებას, ქვეყნის თავდაცვის უუნარობის დემონსტრირებას, მიტაცებული ტერიტორიების ოკუპირების ლეგიტიმაციას საქართველოს მოსახლეობის და საერთაშორისო თანამეგობრობის გარკვეული ნაწილის აღქმაში.

ასევე, მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტით ხდება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და რეპუტაციის შელახვა, რადგან საერთაშორისო საზოგადოება იღებს გზავნილს იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილება სარისკოა როგორც კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ჰუმანიტარული მისიით მყოფი ქართველი და უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისთვის.

ვუცხადებთ სოლიდარობას ვაჟა გაფრინდაშვილს, მისი ოჯახის წევრებს, კოლეგებს და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისგან ველით ეფექტიან ქმედებებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ვთხოვთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, აწარმოონ საზოგადოებასთან პროაქტიური კომუნიკაცია და ყოველდღიურ რეჟიმში ამცნონ მას, ვისთან, როდის და როგორ აწარმოეს მოლაპარაკება ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

მზად ვართ ჩვენი რესურსი მოვახმაროთ სწორ საკომუნიკაციო კამპანიას, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, დიპლომატიურ მისიებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთობლივად საზოგადოების დროული ინფორმირება მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით,” – ნათქვამია “პიარ კლუბის” განცხადებაში.

“პიარ კლუბი“ საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მოღვაწე ადამიანების პირველი და ერთადერთი პროფესიული გაერთიანებაა, რომელიც აერთიანებს 1000-ზე მეტ პროფესიონალს.

კომენტარები

კომენტარი