რამდენს ხარჯავენ საქართველოში წამლებზე

„იუნისეფის“ ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში ოჯახები ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 69 პროცენტს მედიკამენტების შესაძენად ხარჯავენ. ოჯახების უმეტესობის მიერ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე გაწეულ ხარჯებს „იუნისეფი“ საგანგაშოდ მაღალს უწოდებს. კვლევაში ხაზგასმულია, რომ 2 წლის წინ შინამეურნეობების (ოჯახების) დაახლოებით 27-მა პროცენტისთვის მედიკამენტების შეძენა პრობლემაა.

report.ge დაინტერესდა რა უჯდება ყოველთვიურად ოჯახს წამლების შეძენა. გაფრინდაშვილების ოჯახში 1 მოხუცი (77წლის), 1 ბავშვი( 5 წლის) და 2 ახალგაზრდა ცხოვრობს. როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, მოხუცს დიაბეტი აქვს, ინსულინისა და დიაბეტური შაქრისთვის თვეში მინიმუმ 200 ლარი სჭირდება.

“200 ლარი მხოლოდ დიაბეტიკი მოხუცისთვის მჭირდება. გამოდის, რომ მისი პენსია მხოლოდ წამლებში გვჭირდება. თუ ავად გახდა, გაცივდა ან სურდო შეეყარა, თითო კურსი, როგორც წესი, 40-50 ლარი ჯდება. ამაში შედის ანტიბიოტიკი, გაციების ჩაი, სიცხის დამწევი, ყელის წამლები. შარშან ფილტვების ანთება გადავიტანეთ და სრული კურსი 350 ლარი დამიჯდა”, – გვითხრა დიასახლისმა.

ბევრად ძვირი ჯდება ბავშვის ჯანდაცვა.

“ჩვილი რომ მყავდა აუცილებელი ვიტამინების კურსი, პირველადი ჰიგიენური საშუალებები, პედიატრთან, სავალდებულო ვიზიტები ყოველთვიურად 500 ლარამდე მიჯდებოდა. ამიტომაც ერთი შვილის მეტი ვერ გავაჩინე. არც სოციალურად დაუცველი ვარ, ერთი ჩვეულებრივი საშუალო ეკონომიკური შესაძლებლობის ოჯახი მაქვს. ახლა, როცა წამოიზარდა ბავშვი, ბრტყელტერფიანობაზე ვმკურნალობთ მხოლოდ და 3-კვირიანი მასაჟები გვჭირდება წელიწადში 2 ჯერ. თითო მასაჟი 40 ლარი ღირს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა გვიზის? მთელი დანაზოგი ამაში მიგვდის. 200 ლარი გადავიხადე სპეც. ფეხსაცმელში, რომელიც მოზარდს ისე სწრაფად უპატარავდება, რომ 6 თვეც არ ჰყოფნის. დიდს ვერ უყიდი, არ შეიძლება. სამკურნალო ეფეტს კარგავს. აღარაფერს ვამბობ საბავშვო პრეპატარატებზე, 120 ლარი ღირს ინჰალატორი, ანტიბიოტიკი 1 კოლოფი 40 ლარი ღირს. ვირუსი თუ შეხვდა, 100 ლარი მინიმუმ გჭირდება მხოლოდ პრეპარატებზე. გასულ წელს ინტერესის გამო ვინახავდი ყველა ჩეკს. აღმოჩნდა რომ მხოლოდ წამლებზე 2 700 ლარი მქონდა დახარჯული”, – გვითხრა ლ. გაფრინდაშვილმა და დასძინა, რომ მისი ოჯახის შემოსავალი 1 მოხუცის პენსია(200 ლარი) და მეუღლის 1000 ლარია. გამოდის, რომ ოჯახის წლიური შემოსავალი 14 ათას 400 ლარს შეადგენს. ამ კონკრეტული ოჯახის შემოსავალის 18,75% მხოლოდ პრეპარატებზე იხარჯება. ბევრად მძიმე მდგომარეობაა ისეთ ოჯახებში, სადაც მოხუცთა და ბავშვთა რაოდენობა 2 და მეტია.

გაფრინდაშვილების ოჯახის მდგომარეობაშია ქართული ოჯახების 80-90%-ი. ეს ინფორმაცია მედიცინის დოქტორმა, ქირურგიული ცენტრის წევრმა, ზვიად ალადაშვილმა, დაგვიდასტურა. ექიმის თქმით,  მსოფლიო გამოცდილება გვეუბნება, რომ ნორმალურ ქვეყანაში ჯანდაცვის მთლიანი ხარჯის მხოლოდ 10 % მოდის მეკიკამენტებზე, საქართველოში კი, “იუნისეფის” მონაცემებით, ის 69%-ია.

“ეს მაჩვენებელი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის „ლაკმუსის ქაღალდია” და მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში კრიტიკულად სუსტია პირველადი ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცვის სისტემა არ უნდა იყოს მხოლოდ მკურნალობაზე ორიენტირებული, ჯანდაცვა უპირველესად ნიშნავს პრევენციას. ჯერ კიდევ ვერ განვითარდა სათანადოდ ოჯახის ექიმის ინსტიტუტი. ადამიანი ჯერ კიდევ პირდაპირ აფთიაქში მიდის და ყიდულობს წამალს. გარდა ამისა სპეციალისტების ნაწილი შეკრულია ფარმაცევტულ კომპანიასთან და ეს ზრდის მედიკამენტებზე დანახარჯებს. ეს დიდ ტვირთად აწვება განსაკუთრებით ქრონიკულ ავადმყოფებს და ღარიბებს”, – განუცხადა report.ge-ს ქირურგმა, ზვიად ალადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები