„მედიქლაბ ჯორჯია“ ოკუპანტების მიერ, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მედიქლაბ ჯორჯია“ საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტისა და ცნობილი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებ­­ასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მედიქლაბ ჯორჯია“, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები მოუწოდებენ მსოფლიო ექიმთა საზოგადოებას და ყველა თავისუფალ ადამიანს დაეხმარონ მისი უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებული პროტესტის გავრცელებაში და მოუწოდონ მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ.

„კვირა“ კლინიკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„წინამდებარე განცხადებით შეშფოთებას და პროტესტს გამოვთქვამთ მიმდინარე წლის 9 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტისა და ცნობილი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებ­­ის ფაქტზე ცხინვალის რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება არღვევს ადამიანის ძირითად უფლებას, კერძოდ, ზღუდავს თავისუფალი მიმოსვლის უფლებას.

ვაჟა გაფრინდაშვილის პროფესიული მოღვაწეობა ითვლის 35 წელს. ის გახლავთ სხვადასხვა საერთაშორისო ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციების ნამდვილი წევრი, მრავალი სერთიფიკატისა და პუბლიკაციის ავტორი. აგრეთვე, ის უკვე მრავალი წელია მოღვაწეობს საერთაშორისო ასპარეზზე ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის დარგში.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სახელმწიფოთა შორის შეიარაღებული კონფლიქტის ნებისმიერ სახეს თავისი მარეგულირებელი წესები აქვს, კერძოდ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და ზოგადი პრაქტიკის მიხედვით, დასაგმობია ცხინვალის რეგიონში მომხდარი უკანონო დაკავების ფაქტი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ექიმების პროფესიულ საქმიანობას კონფლიქტურ სიტუაციებშიც ყოველთვის ნეიტრალური როლი ენიჭება და ამ მხრივ,

აღმაშფოთებელია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკანონო დაკავება.

საგულისხმოა, საქართველოს მთავრობის მიერ მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ გადადგმული ნაბიჯები. აქვე, ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და ინსტიტუციების ჩართულობით აღნიშნული მოლაპარაკების პროცესი დროულად და ეფექტიანად იქნება მოგვარებული.

და ბოლოს, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი, მეგობრები და კოლეგები მოვუწოდებთ მსოფლიო ექიმთა საზოგადოებას და ყველა თავისუფალ ადამიანს დაგვეხმარონ მისი უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებული პროტესტის გავრცელებაში და მოუწოდონ მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ“,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები