ადგილობრივი მედია ოკუპანტების მიერ დაკავებულ ქართველებზე წერს, რომელთა შორის ცნობილი ექიმია
საოკუპაციო ძალებმა დასახლებულ პუნქტ ორჭოსანთან 9-11 ნოემბერს საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორის არის ცნობილი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი.
ადგილობრივი მედია დაკავების ფაქტს ეხმაურება. მათი ინფორმაციით, ასევე დაკავებულები არიან ზადიშვილი რამაზი, მიშელაშვილი დავითი და ტუხიაშვილი ზურაბი. ახალგორის ე.წ. სასამართლომ 13 ნოემბერს მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით დააკისრა და ე.წ. რესპუბლიკიდან გააძევა.
რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილს, მის წინააღმდეგ აღძრულია ე.წ. სისხლის სამართლის საქმე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. საოკუპაციო ძალების მტკიცებით, გაფრინდაშვილმა ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.
როგორც „კვირას“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, „უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად“.