ბრეგაძე ომბუდსმენისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიების დაწყებას აბსურდს და სასაცილოს უწოდებს

სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიების დაწყება აბსურდული და სასაცილოა, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა. ბრეგაძის თქმით, სახალხო დამცველის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქციის მოწყობას გეგმავს. „ჩემი მოთხოვნაა ე.წ. სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ფსიქიატირული ექსპერტიზა ჩაუტარდეს. მისი ეს ბოდვა უფრო დევნის მანიას ჰგავს, ვიდრე რეალობას. მუხლში წერია, რომ სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ხელის შეშლა იყო , ქალბატონო ლომჯარია იმ დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, ანუ ჩემგან მინიმუმ 4-5 ათასი კილომეტრის დაშორებით. მაინტერესებს, როგორ შევძლებდი 4- 5 ათასი კილომეტრის დაცილებით სადღაც აშშ-ში, თუ ევროპაში ლომჯარიასთვის საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს ხომ აბსურდია. თავად ფორმულირებაა სრული აბსურდი და სასაცილო. ვითხოვ სახალხო დამცველს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს და მისი არაადეკვატურობის შემთხვევაში გადაყენებული იქნას თანამდებობიდან. რაც შეეხება ინციდენტს – არანაირი ინციდენტი არ მომხდარა, ჩვენ გვაქვს სრული ვიდეოკადრები. მქონდა ოფიციალური აუდიენცია სახალხო დამცველის მოადგილესთან, ბატონ ბურჯანაძესთან. რამდენიმე წუთით ადრე დამირეკა ბურჯანაძემ და მითხრა, რომ შეხვედრა გადაიდებოდა , ან გაუქმდებოდა რადგანაც , მას სურდა ჩემთან პრივატული, ანუ შინაურული საუბარი, მით უმეტეს, როცა გაიგო, რომ ჩემთან ერთად იყო იმ ბავშვის მშობელი, რომელიც ფილმში „და ჩვენ ვიცკევეთ“ მოტყუებითაა გადაღებული. ბურჯანაძეს განვუცხადე, რომ არანაირ შინაურულ საუბარს არ ვაპირებდი. ავედი მოქალაქეთა მისაღებ განყოფილებაში, სადაც არანაირი საშვი არაა საჭირო , ვიყავი მარტო, ერთადერთი გადამღები მახლდა და ასევე ბავშვის მშობელი. იმის ნაცვლად, რომ დაზარალებულს შეხვედროდა და ამ ბავშვების უფლებები დაეცვა, ქალბატონი ლომჯარია ჩივის. როცა შევატყვე , რომ შეიძლებოდა რაიმე ტიპის პროვოკაცია მომხდარიყო , თავად გამოვიძახე პატრული აქცია ჩატარდება , რადგანაც ქალბატონი ლომჯარია არ არის არანაირი სახალხო დამცველი . ის არის სახალხო დამრღვევი . ის არის სექსუალური უმცირესობების უფლებების გამომხატველი და ის არანაირად არ არის სხვა სოციალური ჯგუფების ინტერესების გამომხატველი . ის როგორც მტრებს, ზიზღით და აგრესიით გვიყურებს ადამიანებს, რომლებიც კონსერვატიული აზროვნების ვართ“- განაცხადა ბრეგაძემ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა „ქართული მარშის” ლიდერის – სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში იუწყებიან გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 ნოემბერს, სანდრო ბრეგაძე, სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვდა. „ქართული მარშის” ლიდერი ოფისში იმ არასრულწლოვნის მშობელთან ერთად მივიდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ“ მისი შვილი მოტყუებით გადაიღეს. საბოლოოდ ომბუდსმენმა “დესტრუქციულ რეჟიმის” შეხვედრაზე უარი განაცხადა, რასაც ხმაური მოჰყვა და ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები